“აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია და, თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია” – პედიატრი
“აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია და, თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს.
“კვერცხი, პრაქტიკულად, „სუპერ საკვებია“. ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის.
ქოლინი – ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)
ვიტამინები – A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა
რკინა და თუთია – ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა
ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)- ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა
განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის.
რამდენი კვერცხი შეიძლება, ბავშვმა მიიღოს დღეში?
რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:
1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში
3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში
7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში
აღდგომის დღეებში შეიძლება, ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად.
ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს:
მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა
ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი)
ქოლესტერინის დროებითი მატება – ხანგრძლივი გადაჭარბებისას
ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია)
ზოგადად:
უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი
არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს)
დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებს
აღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა — მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა”, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.