“დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა!” – მეუფე შიო
“დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა!”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა!
აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა!
აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი!
დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17)”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.