“დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს” – მეუფე შიო
“დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV).
ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28).
თუმცა, ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.