გამორჩეული მოქანდაკის – რუსუდან გაჩეჩილაძის გამოფენა გაიხსნება

17 აპრილს, 18:00 საათზე,  ATINATI-ის კულტურის ცენტრში გამორჩეული ქართველი მოქანდაკის, რუსუდან გაჩეჩილაძის გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის მიერ შექმნილ ქანდაკებებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, რაც სრულყოფილად წარმოაჩენს მის შემოქმედებით ხედვას. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვიდეო პროექციაც – ნაჩვენები იქნება მედია პლატფორმა „ATINATI“-ს მიერ მომზადებული ვრცელი ფილმი მხატვრის შესახებ.
„გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი დაცულია ATINATI-ის კერძო კოლექციაში.
რუსუდან გაჩეჩილაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიღრმითა და ფორმის გამოკვეთილი ექსპრესიულობით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალის როლის გაძლიერებაში ქართულ ქანდაკებაში, გაამდიდრა პორტრეტული ქანდაკების პლასტიკური ენა და დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა თაობის მხატვრებზე.
ეს გამოფენა ეძღვნება მოქანდაკის ხსოვნას და წარმოადგენს მასთან სიმბოლურ გამომშვიდობებას, თუმცა მისი შემოქმედება და სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ხელოვნების ისტორიაში.
ATINATI-ს კულტურის ცენტრი პერიოდულად წარუდგენს დამთვალიერებელს ნამუშევრებს ATINATI-ის კერძო კოლექციიდან.
ATINATI-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მუდმივად მზარდი კოლექცია, რომელიც უკვე მეხუთე წელია იქმნება და დღეს დაახლოებით 3000 ნამუშევარს აერთიანებს. მრავალფეროვან მედიუმში შესრულებული ეს კოლექცია ნათლად ასახავს ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტ ხაზს – მოდერნიზმიდან დღემდე“, – წერია ინფორმაციაში.

ადგილმდებარეობა: ინგოროყვას ქ. 19  ATINATI’S კულტურის ცენტრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები