გივი მიქანაძე: ვიწროპარტიული მხარდაჭერა აქვთ რადიკალებს, შესაბამისად, მათი ხედვაა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენონ არეულობისთვის

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალპროფესიონალურ დონეზე ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობებს. დღევანდელი ბრიფინგიც და გაჟღერებული ინფორმაციაც ამის დასტურია”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე სუს-ის განცხადებას.

მისივე თქმით, ვიწროპარტიული მხარდაჭერა აქვთ რადიკალებს, შესაბამისად, მათი ხედვაა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენონ არეულობისთვის.

“საზოგადოება ხედავს 2020 წლიდან რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არიან საქართველოში, აქვთ ერთადერთი ზრახვა, როგორმე ხელისუფლება არაკანონიერი, არალეგიტიმური გზით დაიბრუნონ, რადგან ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ის მცირე ჯგუფიც, რაც თუნდაც წინა არჩევნებზე მხარს უჭერდა მათ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მხოლოდ ვიწროპარტიული მხარდაჭერა აქვთ რადიკალებს. შესაბამისად, მათი ხედვაა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენონ არეულობისთვის. ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია და გვითქვამს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ევროპულ დედაქალაქებს და ცდილობენ, დაარწმუნონ პარტნიორები, რომ ეს იქნება მათი მხრიდან არასწორი ნაბიჯი. თუ „ქართული ოცნების“ პირობებში მიიღებს ქვეყანა სტატუსს, ისინი ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნების მოღალატეები და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედი პირები არიან”, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები