გურამ მაჭარაშვილი: უნდა ვიყოთ ფხიზლად – არსებობენ საქართველოს მტრები, რომელთაც აღიზიანებთ ქვეყნის წარმატება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა.
“არაერთი მტკიცებულება გვქონდა ჩვენ, რომელიც საზოგადოებას მივაწოდეთ და მოხდა ისე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს ყველაფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ქართული საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ ის მზაკვრული გეგმები, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს, სამშობლოს წინააღმდეგ ჰქონდათ და აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის რეალური. უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არსებობენ საქართველოს მტრები, რომელთაც აღიზიანებთ საქართველოს წარმატება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სურთ, დაშლა, დაქუცმაცება და მეორე ფრონტის გახსნა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”.