“დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ოქტომბერში აუცილებლად მიიღებს” – გიორგი ცუცქირიძე

„საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ “ქართველი ხალხის მომავალი ჭეშმარიტად ევროპულია“, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რაც დროში ემთხვევა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში 7-8 სექტემბრის ვიზიტს, ნიშნავს ევროპის მაღალი დონის მხარდაჭერას საქართველოსთვის და მთლიანად ნიადაგს აცლის რადიკალური ოპოზიციის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი საგარეო ლობისტების ნარატივს, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ევროსკეპტიციზმსაც“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამის დასტურია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ვედანტ პატელის მკაფიო გზავნილიც, რომ “ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს”. და ვფიქრობ, სპეკულაციებიც უნდა დასრულდეს ამ თემაზე, რადგან ხალხი არის ხელისუფლების მთავარი წყარო და ეს ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთში იციან!

მიმაჩნია, რომ საქართველოს სტატუსის მიღების შანსები არა თუ გაეზარდა, არამედ ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ოქტომბერში აუცილებლად მიიღებს. ბუნებრივია, ეს იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამაზე ღიად მიანიშნებდა რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაც ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე 2030 წლისათვის!

ქვეყანა, რომ რუსულ ორბიტაზე მიექანებოდა, იყო იმდენად უსუსური, რომ არა თუ რეალობას იყო აცდენილი, არამედ არც არანაირი საფუძველი არა ჰქონდა. საქართველოს ევროინტეგრაცია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ამ პროცესს შეუქცევად ხასიათს ანიჭებდა. ქართული კანონმდებლობა იმაზე გაცილებით ახლოსაა ევროპულ სამართალთან, ვიდრე თუნდაც უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში და რეგულაციების ნაწილში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან შედარებითაც კი ლიბერალურია! არც არანაირი ნიშანი რუსულ ორბიტაზე გადასვლისა არ ყოფილა, ხოლო ცალკეული ინტერეს ჯგუფების პოზიცია და მათი რაშისტული სულისკვეთება, სულაც არ ნიშნავს ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას.

მიმაჩნია, რომ ევროპა ახალ ასწორებს იმ პოლიტიკურ შეცდომას, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაუშვა და აყვა ქართული რადიკალური ოპოზიციის და დასავლეთის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიზანდასახულ პროპაგანდას ქვეყნის ვითომდა პროდასავლური ორბიტიდან გადახვევაზე! რაც არაერთხელ ამ სტატუსამდეც მაქვს აღნიშნული. ხოლო ქართულ ოპოფლანგზე დაწყებული უკვე დაგვიანებული გადაჯგუფებები და ერთმანეთის ჩაძირვის ტენდენციაც ამ შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაზე მიანიშნებს.

ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ თავის ადრინდელ შეცდომას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რასაც აქ ზოგჯერ არასწორი ინტერპრეტაციები მოპყვა, მაკრონმაც გადახედა, რადგან საქართველო ბიზანტიის იმპერიის დაცემამდეც ევროპის ბოლო სამხრეთი კარიბჭე იყო და ბიზანტიის დაცემის შემდეგაც არ დაუკარგავს ევროპასთან პოლიტიკური კავშირები, იყო რა ქრისტიანული ცივილიზაციის ბოლო ბასტიონი!

ამიტომაც არ მტოვებდა რწმენა, რომ ამ ისტორიულ გზაჯვარედინსაც, მიუხედავად რენეგატთა სიმრავლისა, თუ ცალკეულ პარტნიორებთან წარმოქმნილი გაუგებრობებისა, ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით გაივლიდა!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები