„ბედნიერი ვარ, რომ ქვემო ჭალას არ გავცილებივარ და „ბავშვობიდან აქა ვზივარ“ – პედაგოგი, რომელსაც ოთარ ჭილაძე თავფარავნელის დედას ეძახდა…

როდესაც ინტერვიუზე დავუკავშირდი, ვის რით გავაკვირვებ, ერთი ჩვეულებრივი სოფლის მასწავლებელი ვარო, – მომწერა… რომ აღარ მოვეშვი, მერე ვისაუბრეთ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის პედაგოგი მზია ხელაშვილი მინდა გაგაცნოთ.
40 წელია სკოლაში  მუშაობ. ქართულს 1986 წლიდან  ასწავლი.
ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა აცოცხლებს, ძალას აძლევს, ახალისებს, რწმენას მატებს, უფალთან აახლოებს…
ბედნიერი ვარ, რომ და ქვემო ჭალას არ გავცილებივარ და ბავშვობიდან აქა ვზივარო… დანარჩენს ეს ინტერვიუ გეტყვით.

– ქვემო ჭალაში დავიბადე სწორედ იმ წელს, გალაკტიონი რომ გარდაიცვალა. ლეხურა „მშვიდად დიოდა“  და  მაისის ბულბულების  სიმფონიას ეხმატკბილებოდა. ჩემი მშობლები წიგნის სიყვარულით მზრდიდნენ, სიკეთესა და  ცისკენ ყურებას გვასწავლიდნენ  მე და ჩემს და-ძმას.
ერთი ალალ-მართალი კაცი იყო მამაჩემი (42 წლისა გარდაიცვალა) და ასე მარიგებდა:  არასოდეს არავის სამაგიერო არ გადაუხადო ცუდისთვის, არავინ შეიძულო. ვიდრე გაბრაზებულ გულზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, ასამდე დაითვალე და გაგივლისო.
ასეც არის:  64 წელია ქვემო ჭალის მიწაზე  დავდივარ და სიყვარულის მორევში დავცურავ.
ჩემ  ირგვლივ იმდენი კარგი ადამიანი იყო და არის… იმდენი კარგი, ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩამიტარეს… იმდენი… იმდენი, რომ  დღემდე, სულ სიმღერ-სიმღერით დავიარები  (თუმცა  ძალიან დიდი დოზით მასვა სამსალა  ჩემმა წუთისოფელმა).
დედაჩემი  მოსიარულე სიკეთე იყო და მან მასწავლა: „გინდა თავს გრძნობდე ბედნიერად? სიკეთე თესე, თესე სიკეთე და ფერადი გექნება ძილი“…
ჰოდა,  სულ ფერად-ფერად სიზმრებს ვხედავ, მთელი ცხოვრება.
– სკოლის დასრულების შემდეგ შრომობდით… მთაში წახვედით მწყემსებთან,  შრომასთან ერთად რომანტიკულიც იყო ეს გატაცება: ცხენით ქროლა, ლექსების წერა…
– სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ვაბარებდი. ოთხი წელი  ქულა მაკლდებოდა და რა უნდა მექნა? ვმუშაობდი კოლმეურნეობაში. აბრეშუმის მურსაც ვუვლიდი, ვენახსაც, ხილის საკრეფად დავდიოდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ ზაფხულს გოსტიბეში წავედი საზაფხულო იალაღებზე, საქონელი იქ ჰყავდა კოლმეურნეობას და მწველავად  წავედი.
დედას გეფიცებით, ძროხის მეშინოდა, ახლოს არ მივკარებივარ მანამდე, მაგრამ  თუ რამე ავიტეხე, არ არსებობს, უნდა გავაკეთო.
იმ  წელიწადს  ვნახე „თუში მეცხვარე“,  ძალიან მომინდა მთაში წასვლა. ცხვარში მე არავინ წამიყვანა და ძროხები კარგი გამოსავალი იყო. თავმჯდომარემ უარი მითხრა, რამ გადაგრია,  გინდა, დედაშენმა მომკლასო (ერთი უწყინარი ქალი იყო დედაჩემი)?!.. ვიტირე. დედამ დაურეკა ალფეზ ბუდაღაშვილს და უთხრა, ისედაც გულდაწყვეტილია ბავშვი  და გაუშვი, წავიდეს, ცხოვრებას ისწავლის და მიხვდება, რა უნდა აკეთოსო. მე კი მითხრა: „შენი ადგილი ნახო, უნდაო, ხალხში არა თქვან, აქ რა უნდაო“…
შენახული მაქვს მაშინდელი ჩემი ჩანაწერები.
ლექსებსაც ვწერდი, მე, სულელი, ცხენითაც დავქროდი და ადამიანებს ვეცნობოდი. რაც ყველაზე მთავარია, ძროხის წველა ვისწავლე და დღესაც ყოჩაღად ვწველი.
უამრავი კარგი ლექსი, თქმულება და ზღაპარი ჩავიწერე მწყემსებისაგან. მერე, ხალხური ზეპირსიტყვიერების გამოცდაზე, გამომადგა…
1980 წელს გავთხოვდი. ჩემი მეუღლე რევაზ ყარანაშვილი დიდებული პიროვნება გახლდათ.
ერთი მშრომელი, უსიგრძეგანოდ განათლებული, პატიოსანი კაცი იყო. წლების მანძილზე კავშირგაბმულობაში მუშაობდა და როცა სოფელში დაბრუნდა, სწორედ მაშინ გადამეყანა შემთხვევით.
მახსოვს, მკითხა: „ვისი ხარ, პატარა გოგო“?   (12 წლით იყო ჩემზე უფროსი. იაანთ ვალიკოსი-მეთქი, გაიცინა და წავიდა.
მერე უკვე ოთხი შვილი რომ გვყავდა, შემეკითხებოდა, ვისი ხარ პატარა გოგოო, და მე სიცილით ვპასუხობდი, რეზოსი-მეთქი.
მახსოვს, ანა კალანდაძე რომ მყავდა სტუმრად სულ პირველად, ოქტომბერი იყო. ვწუხდი, აფსუს,  ჭიამაიები მაინც მყავდეს-მეთქი. ასობით ჭიამაია მომიყვანა ქილით მეუღლემ. რომ ვკითხე, სად ნახე-მეთქი, მითხრა, ზარმაცი კაცი რისთვის გაუჩენია ღმერთსო, კუჯღუნას  მოსატეხი აქვს სიმინდი და ტაროებში არიან ჩაბუდებულიო.
ანას გაოცება და აღტაცება არ მავიწყდება. თუთის ფოთლებზე დავეცი ჭიამაიები და უნდა გენახათ, როგორ თავპირისმტვრევით გარბოდნენ.
პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. ნათელა ვასაძე იყო რექტორი. ორი წელი ვისწავლე დღის განყოფილებაზე და  ბავშვი რომ მოეყოლა, დაუსწრებელზე გადავედი.
მახსოვს, ჭოლა თევზაძემ გულდაწყვეტილია მითხრა, აშავებო, მაგრამ არ მინანია. გუჩა კვარაცხელია შემხვდა, უკვე ოთხი შვილი მყავდა, მომეფერა და მითხრა, ჯერ ვერ დამეწიეო  (გავიოცე, როცა გავიგე, ხუთი შვილის დედა იყო)… ადრე მითხრა, აბა, შენ იცი, თუ მაჯობებო…
სკოლაში მუშაობა 1983 წელს დავიწყე.  დიდებული პიროვნება იყო, სკოლის დირექტორი მიხეილ სიგუა. მალე გადამიყვანა  გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მასწავლებლად. სკოლაში ფილოლოგები ბევრნი იყვნენ და თავისთავად ჩემთვის საათებზე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო.
ბატონმა  მიხეილმა საკუთარი საათები დამითმო და მეთერთმეტე კლასში შემიშვა. საოცარი ბავშვები  იყვნენ და ჩვენ ერთად სასწაულებს ჩავდიოდით. აი, ასე  დაიწყო და დღემდე გრძელდება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა. ბედნიერი ვარ, რომ და ქვემო ჭალას არ გავცილებივარ და „ბავშვობიდან აქა ვზივარ“…
–  ქვემო ჭალაში ქართულის მასწავლებლად მუშაობთ…
– ქვემო ჭალა ჩემთვის სამოთხეა. ასე მგონია, სხვაგან ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი.. ალბათ დამიჯერებთ, დამიჯერებთ მივიჩნევ,რომ  ჩემი ბედნიერების საწინდარი  სწორედ ჩემი პროფესიაა.
„მასწავლებლად ვმუშაობ“, – არ მიყვარს ეს გამოთქმა.
მე მასწავლებელი ვარ და ვამაყობ ამით…ბედნიერი ვარ, რადგან  უამრავი ბავშვის გული გავათბე, მათი თვალებით ვუყურებ სამყაროს და ამ ასაკშიც ბავშვივით  მიხარია და მჯერა ყველაფერი.
40 წელია სკოლაში ვმუშაობ. ქართულს 1986 წლიდან ვასწავლი. ბავშვებთან ურთიერთობა  მაცოცხლებს, ძალას მაძლევს, მახალისებს, რწმენას მმატებს და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ უფალთან მაახლოებს.
ხშირად მეუბნებიან, რაღაც რიგზე ვერა გაქვს, თორემ  როგორ შეიძლება არაფრის გამო, ამდენი რამ აკეთო ბავშვებისთვისო. ყოველი შრომა საფასურს მოითხოვსო. მე სახელმწიფო მოხდის თანხას, ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მაგრამ იმ გაკვეთილების მიღმაც თუ ფულს დავუწყე ძებნა, ბავშვებისთვის თუ ბოლომდე არ დაიხარჯება, თუ სული და გული არ ჩავაქსოვე ჩემს საქმეში, მაშინ არც მასწავლებელი ვიქნები და არც ადამიანი. რად ღირს, ყოველ ნაბიჯზე შენი ნამოწაფარი რომ გხვდება და გულში გიკრავს?
ისეთ ამბავს გამახსენდება, გახსოვთ, ასე რომ იყო და თქვენ  ასე და ასე მოიქეცითო, მიხარია. მე არ მახსოვს,  ისინი კი არ ივიწყებენ.
საოცარი მასწავლებლები მყავდა. ბევრი მაქვს საამაყო. დღეს უკვე ჩემი შეგირდებით ვამაყობ. ბავშვები მასწავლიან, როგორ ვიყო კარგი მასწავლებელი. მათგან უამრავ რაღაცას ვსწავლობ… ვსწავლობ და ვასწავლი.
წელს პირველ კლასში მომიწია შესვლა და, მართალი გითხრათ, განვიცდიდი.
წლების წინ მყავდა პირველი კლასი, შარშან დაამთავრეს იმ ბავშვებმა. ჩემი სიცოცხლეები არიან. თითოეული მათგანი უგონოდ მიყვარს. დღემდე შენახული მაქვს მათი  ნამუშევრები. პატარა ფურცლის ნაგლეჯი არ გადამიგდია.
იმ  წელიწადს  ორ კლასში შევდიოდი. პირველსა და მეთორმეტეში. დამცინოდნენ, ერთი ფეხი ალთასა გაქვს, მეორე ბალთასო. მე კი ამაყად ვუბეჯითებდი მათ, „ანიც“ მე ვარ ჩემი სკოლის და „ჰოეც“ -მეთქი.
მე  ქვემო ჭალაში დავიბადე და ქვემო ჭალის სკოლა დავამთავრე 1976 წელს,  ჩემს 105 თანაკლასელთან ერთად.
64 წლის ვარ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქვემო ჭალის სკოლას უკავშირდება. წარმოგიდგენიათ, საიდან სად მოვედით? ჩემი სკოლა 1881 წელსაა დაარსებული.  მისი ერთ-ერთი პირველი პედაგოგი ნიკო ლეონიძე გახლდათ, გიორგი ლეონიძის – გოგლას მამა. ჩვენს სკოლაში  მასწავლებლობდა  გიორგი შატბერაშვილიც.
ჰოდა, მე და ჩემი ბავშვები  ვცდილობთ, ღირსეულად  ვატაროთ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლის სახელი. არადა…წელს თორმეტი მოსწავლე მყავდა პირველ კლასში. სამწუხაროა,  მაგრამ ფაქტია, რომ სოფელი დაცარიელდა…

–  სოფელში ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. ბავშვებს აყვარებთ ქართულ სიტყვას, ასწავლით შრომას… აბრეშუმის ჭიასაც კი მოუარეთ…
– ვცდილობ, ბავშვებს ცხოვრება გავულამაზო. გასულ სასწავლო წელს იმდენი ღონისძიება ჩავატარე, მგონი, ყველა რეკორდი მოვხსენი. იცით, რატომ ვაკეთებ ამას?
მე მყავდა რუსულის მასწავლებელი, ქალბატონი ნადეჟდა ზვერევა. რაც მან ჩვენთვის გააკეთა, ბევრი ვერ შეძლებს. დღემდე მახსოვს ყოველი ფრაზა ყველა ღონისძიებიდან, მხოლოდ ჩემი სათქმელი კი არა, სხვების ნათქვამი.
დარწმუნებული ვარ, მშრალ, უემოციო გაკვეთილებს იმდენის  გაკეთება არ შეუძლია, რაც ღონისძიებას, რომელშიც ბავშვი თავად აკეთებს ყველაფერს, თავისუფალია არჩევანში, სჯერა, რომ ეს მან გააკეთა, დირიჟორს ვერ გრძნობს.
ეს არის პედაგოგის გამარჯვება, რომ ბავშვს ისე გააკეთებინებ ღირებულ საქმეს, თითქოს ეს მხოლოდ მას სურდა და სწორედ ასე სურდა.
გასული სასწავლო წლის ოქტომბერში, მესამე კლასში, ლეონარდო და ვინჩის „აბრეშუმის ჭია“ ავხსენი. მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ლაპარაკი დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ვერ გაიაზრეს ბავშვებმა იგავი. მოვუყევი აბრეშუმის ჭიაზე, მაგრამ მივხვდი, რომ წყლის ნაყვა იყო  ჩემი ლაპარაკი. მაშინ ბავშვებს დავპირდი, რომ გაზაფხულზე აუცილებლად მოვიყვანდი აბრეშუმის მურს და ისინი საკუთარი თვალით ნახავენ,როგორ შეიძლება ჭია პეპლად იქცეს.
ასეც მოვიქეცი.
კახეთში ცხოვრობს დიდებული ქალბატონი ლამარა ბეჟაშვილი, რომელმაც 21 აბრეშუმხვევია იჩუქა და მთელი სულით და გულით  ემსახურება მეაბრეშუმეობის აღორძინებას  საქართველოში.
მისგან ჩამოვიყვანე  აბრეშუმხვევიები, საკმაოდ დიდი  ოდენობით, და ბავშვებმა ნახეს, თუ რა დიდი შრომის ფასად აკეთებს აბრეშუმის ჭია „სახლს“.
მეც და ბავშვებიც ბედნიერები ვიყავით ჩვენი შრომის შედეგით.
ბევრს ეგონა, ფულის გამო ვიწვალე ამდენი. მაგრამ  აბრეშუმის პარკი ისე გავუგზავნე, კაპიკი არ გამომირთმევია. იმიტომ კი არა, რომ ბევრი ფული მაქვს. არა, ძვირფასო ქალბატონო… განა რა უნდა მოეცათ ჩემთვის, რომ ავშენებულიყავი?
მე გადავწყვიტე, გულწრფელად ვეცადო ამ დარგის აღორძინებისთვის. მთავარი გავაკეთეთ. უამრავ ბავშვს შევაყვარე აბრეშუმის ჭია.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ მგონია, რომ რაღაცა ვალდებულება მაქვს ჩემი სოფლის წინაშე. ჩემთვის სამშობლო ქვემო ჭალიდან იწყება. ჩემი სხვილოს ციხე და გეთეს საყდარი, ჩემი ცხრაწყარო და ამილახვრების ციხე- დარბაზები, ჩემი ჯვარის ტყე და ქოჩორა მთაა – სამშობლოს სათავე ჩემთვის.
ვიცი, რომ ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მისიით მოდის დედამიწაზე. მჯერა, ჩემი მისიაა, ბავშვებს სული გავუფაქიზო, ვაჩუქო ადამიანებს სიხარული, სოფელს მოვეფერო, შორს გავიტანოთ მისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, პოეზიის ქალღმერთს ვუკმიო გუნდრუკი.
მე ლექსით ვსუნთქავ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ იმახსოვრებ ამდენ ლექსსო? – არ ვიცი. ლექსი მომეწონა? წავიკითხავ … ერთი ორჯერ კიდევ მივუბრუნდები და მერე არასოდეს დამავიწყდება.
ჰოდა, გამოდის რომ იმას  ვაკეთებ, რაც მე მიხარია და მომწონს. ყოველი ახალი შეხვედრა ხომ ახალი ურთიერთობების საწინდარია…
– ქვემო ჭალაში ატარებთ საღამოებს, მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრებს… გიორგი შატბერაშვილი ახსენეთ…

შეხვედრა ანა კალანდაძესთან

– ეს საოცარი ქართველი თავისი შემოქმედების წყალობით ქართველთათვის ისეთი ახლობელი და საყვარელია, ისეთი საამაყო და მისაბაძი, მისი სახელის ხსენაბაც კი  სულს უმზიანებს ჭეშმარიტ მკითხველს და მისი ღვაწლის შემმეცნებელს.
მიხარია, რომ მისი სახელი ჩემი მშობლიური სკოლის ისტორიას უკავშირდება, და რომ ეს დიდი ერისკაცი ქვემო ჭალის სკოლაში მასწავლებლობდა, სიყვარულით მოძღვრავდა ქვემოჭალელ ბავშვებს. მისი მზიანი სულის ანარეკლია საოცარი ნაწარმოებები. სიყვარულით, სიკეთით, ერთგულებით, თავგანწირვით გაჯერებული შედევრები სულიერ საზრდოს აწვდიდა ქართველ ბავშვებს და ქართველობას და ადამიანობაზე დააფიქრებდა.
– თქვენს ლიტერატურულ სალონს უამრავი ლამაზი საღამო ახსოვს, არჩილ სულაკაური, ანა კალანდაძე… სტუმრობდა…
– 1993 წელს მოვიწვიეთ ქალბატონი ანა კალანდაძე სოფელში. სწორედ იმ წელს გაშალა ფრთა ჩემმა ჩანაფიქრმა, ჩამომეყალიბებინა ლიტერატურული სალონი. ისეთი დაუვიწყარი შეხვედრები ახსოვს  ამ სალონს… „გულანშარო“ დავარქვი.
არჩილ სულაკაური გვეწვია, ვაჟა ოთარაშვილი, მაია დიაკონიძე, ლალი ღაჭავა, ნინო არსენაშვილი, ლალი ასაბაშვილი, თინათინ ჭეჟია… მანანა ბრაჭული ორგზის გვსტუმრობდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი… დიდი დროა გასული…
უმთავრესი  ისაა, რომ ჩემი მოსწავლეები, აწ უკვე, თავად მასწავლებლები, იხსენებენ და მეკითხებიან, იმ ცუდ დროში, როცა არც შუქი გვქონდა, არც წყალი, არც ფული… როგორ ახერხებდით ასე გაგელამაზებინათ ჩვენთვის ყოველდღიურობაო?
მე არა, სიყვარულმა მოახერხა ეგ ყველაფერი. ბავშვების, ლექსის და სოფლის სიყვარულმა. სიყვარულის გარეშე ყოველი საქმე მკვდარია. სიყვარულია სამყაროს „ანიც“ და „ჰოეც“…
ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემი საამაყო თანასოფლელი, ლექსის დიდი ქომაგი, დიდებული მკვლევარი, პროფესორი აკაკი ხინთიბიძე გამორჩეული, დიდი გულის, სიყვარულით სავსე პიროვნება იყო.
მე მას  ჩემს ბავშვობაში ხშირად ვხედავდი ბატონ მიხეილ სიგუასთან (ჩემი ახლო მეზობელი იყო), ისინი მეგობრობდნენ და მათთვის ჩვეული სიდიადით იღვწოდნენ ქვეყნის სასიკეთოდ.

მანანა ბრაჭული

მახსოვს, მიხეილ მასწავლებელთან ერთად ქვემო ჭალის სკოლაში, რომლის დირექტორიც ბრძანდებოდა იგი, პოეტი ირაკლი აბაშიძე მოიწვია. ეს იყო ზეიმი პოეზიისა, სიყვარულისა, ბედნიერებისა.
ამის შემდეგ გადის წლები და ბატონმა აკაკიმ მთხოვა, მივხმარებოდი. მაშინ ის გალაკტიონის რითმის ლექსიკონზე მუშაობდა. ეს ჩემთვის რა თქმა უნდა, ბედნიერება იყო.
ამ პერიოდში ბატონი აკაკი ხელმეორედ აღმოვაჩინე. ეს იყო საოცარი, განსაკუთრებული, არავის მსგავსი, დიდი ადამიანი.
ამას მოჰყვა შეხვედრები გალაკტიონის გასახსენებლად მოწყობილ სალონურ საღამოებზე, რომლებიც ყოველ გაზაფხულზე 17 მარტს იმართებოდა.
1995 წლის თებერვალი… ქვეყანაში ყველაფერი საშინელ ნაცრისფერში იყო გახვეული და გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის ოდნავ მაინც გამეფერადებინა უფერული დღეები.
ბატონ აკაკის ვთხოვე, არჩილ სულაკაურს დამაკავშირეთ-მეთქი.
მას უარი არ უთქვამს და ჩემმა მშობლიურმა სკოლამ ერთი ულამაზესი ფურცელი კიდევ ჩაწერა თავის საამაყო ისტორიაში. ბატონი არჩილი აღტაცებული, გაოცებული და ბედნიერი გულში იკრავდა ბატონ აკაკის, ეს რა ბავშვები აღმომაჩენინეო.
შემდეგ ქართული პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე სტუმრობდა საამილახვროს ულამაზეს სოფელს – ჭალას.
ქალბატონი ანასთვის ცხადი გახდა, როგორ უყვარდათ ქვემოჭალელებს ის და გაოცებულმა მითხრა, არც მოფერების, არც პატივისცემის უმეცარი არ გახლავარ, ჩემო მზია, მაგრამ მე გაოცებული ვარ ამ სასწაული სოფლით, სადაც ლექსის ფასიც იციან, სტუმრის დახვედრაც და იმასაც ახერხებენ, აქედან იმხელა მადლი და სიყვარული გაატანონ წამსვლელს, რომ არასოდეს დაავიწყონ თავიო.
ელდინო საღარაძე გვყავდა მოწვეული „გალაკტიონის თეატრით”.
რომელი ერთი ჩამოვთვალო…
სულ ბოლოს, ბატონმა აკაკიმ მთხოვა, არ გინდათ, ერთი კეთილი საქმე გააკეთო, გიორგი ლეონიძის გახსენების საღამო გავმართოთო. რა თქმა უნდა, შესანიშნავი საღამო გამოვიდა. მომხსენებელი თავად იყო.
და აი, მაშინ კიდევ სხვა კუთხით დავინახე ჩემი დიდებული ცხოვრების მასწავლებელი. დამსწრე საზოგადოებას ალალად გაუმხილა, მინდოდა ვალი მომეხადა ამ დიდებული პოეტის წინაშეო.
ერთხელ, თურმე ღიმილით უსაყვედურებია პოეტს, რა დაგიშავე, შე კაი კაცო, გალაკტიონზე ამდენს წერ და ჩემზე ერთხელაც არ წაგიცდა ხელიო(!)
– ქვემო ჭალის კულტურის სახლში მუშაობდით…
– ქვემო ჭალის კულტურის სახლში ვმუშაობდი 2006-2009 წლებში რეჟისორად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ თამაზ ჭილაძის  „თავფარავნელის ბალადა“ ჩემად ვაქციე და (ასე მითხრეს ბატონმა ოთარმა და თამაზმა. სხვათა შორის, თავფარავნელის დედას მეძახდა ოთარი). შესანიშნავი სპექტაკლი დავდგით.
– ქვემო ჭალა ისტორიული სოფელია, ძეგლებით, ღირსშესანიშნაობებით… ამილახვრების სასახლე, კარბელაშვილების სახლი… სხვილოს ციხესთან არის ადგილი, სადაც „შერეკილების“ კადრებია გადაღებული…. ალბათ მოსწავლეებს ბევრ რამეს ასწავლით….
–  ქვემო ჭალა ძირძველი სოფელია…. საოცარი და საამაყო წარსულის, ულამაზესი  ისტორიული სოფელი.
ლამაზად დაპნეული ციხე-კოშკები, ბაზილიკები, ამილახვრებისეული სასახლეები, სპარსული აბანოები, თვალწარმტაცი სანახები, სხვილოს ქედზე ამაყად მდგარი, დარდიანი, მაგრამ შეუვალი სხვილოს ციხე მისი უტყვი მემატიანენი არიან.
ჰოდა, მეც მეტი რა მინდა აღმაფრენისთვის? ვცდილობ, ბავშვებს ისე შევაყვარო მშობლიური სოფელი, როგორც მე მიყვარს.მე კი, ავადმყოფურად მიყვარს ის.
ბევრი რამ გვაქვს საამაყო ქვემოჭალელებს, მაგრამ ხინჯად გვაქვს წმინდა მარინეს სახელობის  უღვთოდ გამეტებული და იავარქმნილი ტაძარი, რომელიც სამოციანი წლების დასაწყისში აღგავეს პირისაგან მიწისა. გაანადგურეს უმშვენიერესი სალოცავი.
როგორც გადმოცემით ვიცი, ეს იყო ოჯახური ბედნიერების წმინდანი და ამ ვარდისფერ საყდარში იწერდნენ ჯვარს ამილახვრები. არადა სასახლესთან ახლოს ორი ეკლესიაა, ერთი ღვთისმშობლის შობის, მეორე – მიძინების. ამილახვრების კართან დაახლოებული მართა ბებო გვიამბობდა, სასახლიდან საყდრამდე ხალიჩებს ჰფენდნენო.
ხშირად მითქვამს ბავშვებისთვის, ღვთის უბეში ვცხოვრობთ-მეთქი. ღვთის უბეში, აბა რა, რვა წმინდანი რომ ეყოლება სოფელს, საარაკო ამბავი არაა? ხუთი ძმა კარბელაშვილები, ორი ნინო და ნინო ამილახვარი და იოთამ ზედგენიძე.
სხვათა შორის, რაფიელ ერისთავი ქვემო ჭალაში დაიბადა. დედამისი ამილახვრის ქალი გახლდათ. აკვანი, რომელშიც რაფიელი წოლილა, მე მქონდა. მეზობელმა ქალბატონმა ჩამომატანინა სხვენიდან და მითხრა, დედამთილს უბოძა ამილახვრების კნეინამო, და თან დასძინა, არ მინდა დაიკარგოს, ვის რაღაში სჭირდება და შენთან საიმედოდ იქნებაო. აკვნის დაწვა არ იქნება, წყალს მისცემენ მდინარესაო…  გიორგი ლეონიძეს აქვს  ერთ ლექსში ნათქვამი.
მეც წამოვიღე და ალბათ 15 წელი მაინც იყო ჩემთან შენახული. ვეფერებოდი. 200-ზე მეტი ბავშვია ამ აკვანში გაზრდილიო, მართა ბებიისთვის უთქვამს ქალბატონს (მართა მოახლე ყოფილა მისი).
ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მოსწავლეები მცხეთასა და საგურამოში წავიყვანე. ღონისძიება მქონდა მომზადებული.
სამთავროს დედათა მონასტერში რომ მივედით, გავიგეთ, რომ ნინო ამილახვარი და მისი ძმისშვილი წმინდანებად შერაცხეს. იმ მუზეუმში პატარა აკვანი იდგა, სიმბოლურად. წინამღვარს დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ამილახვრების აკვანი ჩემთან ინახებოდა. მთხოვა, მონასტერს შემოსწირეო. თავისთავად ცხადია, სიამოვნებით ვუბოძე. „სანთელ-საკმეველმა გზა არ დაკარგა“  და ახლა ის აკვანი, რესტავრირებულია და სამთავროს დედათა მონასტრის მუზეუმს ამშვენებს.
– ჰობი…
– მიყვარს მოგზაურობა. ახლახან ჩანჩქერებზე ვიყავი, ლეჩხუმში…
–  მეუღლე ლამაზად შემოსულა თქვენს ცხოვრებაში… გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
–  მეუღლე, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე,  23 წლის წინ გარდამეცვალა.
მყავს ოთხი შვილი და ხუთი შვილიშვილი. ამას წინათ ყველა ერთად ვიყავით და მოკრძალებით წავიწუწუნე, მე ერთს ოთხნი მყავხართ და თქვენ ოთხს ხუთი გყავთ, აბა, ეგ სადაური რა არის-მეთქი.
მიყვარს მრავალშვილიანი ოჯახები. ჟინვალის გათხრების დროს საფლავის ქვა ნახეს ასეთი ეპიტაფიით: „დედაჩემს 17 შვილი ჰყავდა, მე 18, შენ რამდენს უტოვებს სამშობლოს“?
მახსოვს, პედაგოგი ბაბო ხვედელიძე წერდა: „მე რომ შემეძლოს, საფლავის ქვას მხარზე გავიდებ და ვივლი ასე, ქუჩა-ქუჩა და შარა-შარა“.
საქართველო დედამ გადაარჩინა და მინდა შთავაგონო ჩემ  ირგვლივ მყოფთ, ქვეყნის წინაშე გადაუხდელი ვალი გვაქვს ყველას,
შვილებზე კარგი არც რომანი არსებობს, არც ლექსი და არც სიმღერა.
ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და „გავფლანგო“ ჩემი ზღვა ენერგია. ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის.სარკეში თუ არ ჩავიხედე, თავი 18 წლის მგონია. სულ ფრიალ-ფრიალით დავდივარ.
– არ შეიძლება, ახალი ჩანაფიქრი არ გქონდეთ…
– უამრავი ჩანაფიქრი მაქვს განსახორციელებელი:
თამარ ბეჟიაშვილის წიგნის წარდგენას ვგეგმავთ, ვიდრე სკოლაში სწავლა განახლდება.
ბატონ ტარიელ ხარხელაური შევუთანხმდით შეხვედრაზე და რიცხვს გავარკვევთ.
ძალიან მინდა ფერეიდანზე გავაკეთო პროექტი. მოვიძიე ლექსები, შევუთანხმდი ავტორებს და გრანდიოზული საღამო   ჩავიფიქრეთ.
მერე იქნებ კრებული გამოიცეს. თქვენს რჩევასაც გავითვალისწინებთ და თუ გვეწვევით, ძალიან გაგვახარებთ.
სექტემბერმაც მომიკაკუნა და საკეთებელს რა გამოლევს.
ღვთის ნებით, მშვიდობა თუ იქნა, მე ცდას არ დავაკლებ, რომ ჩემი  შეგირდები ჭეშმარიტ ქართველებად აღვზარდო.

 

                                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები