მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკურად შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა ითქვას, ვინ რა პოზიციაზე დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე
კონსტიტუციით, სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით აქვს. პრეზიდენტი როდესაც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაა და ეს დადგენადია. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადებითი იქნება,– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ხანია, პრეზიდენტი საკუთარი განცხადებებით ოპოზიციის იმ ნაწილს ემთხვევა, რომელიც ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.
„პოლიტიკურად შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა ითქვას, ვინ რა პოზიციაზე დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პირველი საკითხია, რა კომპეტენცია გააჩნია პრეზიდენტს და რამდენად არის უფლებამოსილი, დამოუკიდებლად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და დამოუკიდებლად წარმოადგინოს სახელმწიფო, თუ ამას მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. მეორე საკითხია, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვინ იქნება იმპიჩმენტის მხარდამჭერი.
დიდი ხანია, პრეზიდენტი საკუთარი განცხადებებით ოპოზიციის იმ ნაწილს ემთხვევა, რომელიც ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ეს სახელმწიფოს პოზიციას არ ემთხვევა და ახლა ის მომენტი დადგა, როცა ყველას პასუხის გაცემა მოუწევს, იმსახურებს თუ არა საქართველო სტატუსს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი და ოპოზიცია თვლიან, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. ახლა უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციასთან შეუთავსებლობა საკმაოდ ნათელია. ფაქტია, რომ კონსტიტუციით, სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით აქვს. როცა პრეზიდენტი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაა და ეს დადგენადია. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადებითი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.