ვინ იყო რუთ ჰენდლერი – საკულტო თოჯინა Barbie-ს და მისი შემქმნელის ისტორია
თოჯინა ბარბი, გაზვიადების გარეშე, ყველაზე ცნობილი სათამაშოა მსოფლიოში. მილიონობით ბავშვი და ზრდასრული აღფრთოვანებულია მისით. ამავდროულად, ძალიან ცოტამ იცის მისი შექმნის ისტორია და რუთ ჰენდლერის სახელი, რომელმაც რამდენიმე თაობის საკულტო სათამაშო გვაჩუქა. თუმცა, ბარბის „დედას“ სხვა სერიოზული დამსახურებები აქვს.
რუთ მარიან ჰენდლერი დაიბადა 1916 წელს დენვერში, კოლორადოში, აშშ-ში. იგი გახდა ბოლო, მეათე შვილი ებრაელების, იაკობ და იდა მოსკოვიჩების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ პოლონეთიდან ამერიკაში. როდესაც რუთი ექვსი თვის იყო, დედამისი მძიმედ დაავადდა. ჩვილზე გოგონას უფროსი და სარა და მისი ქმარი ლუი გრინვალდი ზრუნავდნენ.
დის ოჯახში გოგონას ისე ეპყრობოდნენ, როგორც საკუთარ შვილებს. რუთს სიყვარული და ყურადღება არ აკლდა. გრინვალდები პატარა აფთიაქს მართავდნენ, სადაც რუთმა მუშაობა 10 წლის ასაკში დაიწყო. მან ადრევე გააცნობიერა, თუ რამდენად რთულია ფულის შოვნა და ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო საკუთარი და სხვა ადამიანების შრომის დაფასება.
1938 წლის 26 ივნისს მოსკოვიჩი დაქორწინდა ბიზნესმენ ელიოტ ჰენდლერზე. 1945 წელს რუთმა, მისმა მეუღლემ და მისმა მეგობარმა, მეტსონ ჰაროლდმა დააარსეს კომპანია Mattel. კომპანია აწარმოებდა პლასტმასის ფოტოჩარჩოებს, რომლებიც ომის შემდგომ წლებში ძვირი ღირდა. დროთა განმავლობაში ბიზნესი იზრდებოდა და Mattel აწარმოებდა ავეჯს თოჯინების სახლებისთვის და მუსიკალურ სათამაშოებსაც კი… მაგრამ კომპანიის მთავარი პროდუქტი, რამაც იგი საქვეყნოდ ცნობილი გახადა, ჯერ კიდევ წინ იყო. რუთს და ელიოტს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარა, რომელსაც, როგორც ყველა გოგონას, თოჯინებით თამაში უყვარდა. მას ჰქონდა თოჯინები რომელთა ჩაცმაც შეიძლებოდა. გოგონა ოცნებობდა ზრდასრული ქალის გამოსახულების მქონე მოცულობით სათამაშოზე, რომლისთვისაც კოსტიუმების შექმნა იქნებოდა შესაძლებელი.
იმ დროს ასეთი თოჯინა მხოლოდ ერთი იყო და ის მამაკაცებისთვის იყო წარმოებული. ეს გახლდათ გერმანული თოჯინა Build Lilly, შექმნილი კარიკატურისტ რაინჰარდ ბიუტინის მიერ. ქერა, კოხტა ლამაზმანი დამზადდა ორ ზომაში: 19 და 29,5 სმ. ეს იყო სუვენირი, რომელიც 50-იანი წლების სილამაზის სტანდარტებს განასახიერებდა.
ევროპაში პოპულარული თოჯინა რუთ ჰენდლერმა და მისმა ქალიშვილმა 1956 წელს შვეიცარიაში შვებულების დროს ნახეს. რუთი გაკვირვებული იყო, რადგან რამდენიმე წლით ადრე მან ქმარს შესთავაზა მსგავსი თოჯინის კონცეფცია, მაგრამ – გოგონებისთვის… ლილი ძალიან ჰგავდა სათამაშოს, რომლის ესკიზები მეწარმემ შეიმუშავა. 1994 წლის წიგნში „ოცნების თოჯინა“ ჰენდლერმა დაწერა:
„ლილის თოჯინა იყო იმ იდეის განსახიერება, რომელიც მე მივაწოდე ელიოტს და Mattel-ის სათამაშოების სხვა დიზაინერებს დაახლოებით ხუთი წლით ადრე… მას ჰქონდა მაღალი მკერდი, წვრილი წელი და გრძელი ფეხები“.
სხვათა შორის, ელიოტს არ მოეწონა ცოლის იდეა. მას სჯეროდა, რომ მშობლებს არ სურდათ გოგოებისთვის ზრდასრული ქალის ფორმის თოჯინის ყიდვა. თუმცა, Build Lilly-სთან შეხვედრის შემდეგ რუთმა გადაწყვეტილება მიიღო. ის გერმანული სათამაშოთი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში და მაშინვე ჩაიკეტა ოფისში ჯეკ რაიანთან, Mattel-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად.
რაიანს კომპანიის მფლობელმა დაავალა ლილის ადაპტირება იმ თამაშებისთვის, რომლებიც ამერიკელ გოგონებს მოსწონდათ. პირველი სათამაშოს გამოსაშვებად მზადებას სამი წელი დასჭირდა. Mattel-მა პირველი თოჯინა ნიუ-იორკის სათამაშოების ეროვნულ გამოფენაზე 1959 წლის 9 მარტს წარადგინა. რუთმა მას ბარბი უწოდა, თავისი საყვარელი ქალიშვილის პატივსაცემად.
პირველი Barbie შავ-თეთრ ზოლებიან საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელები ეცვა და მზის სათვალე და საყურეები ეკეთა. ძირითად კონფიგურაციაში სათამაშო მხოლოდ 3 დოლარი ღირდა. შესაძლებელი იყო მისთვის სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყიდვა. სიახლე მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. 1959 წლის ბოლოს კომპანიამ, აშშ-სა და კანადაში, 350000-ზე მეტი თოჯინა გაყიდა.
1961 წელს ბარბის შეყვარებული „გაუჩნდა“. თოჯინა სახელად კენი თავის „დაბადებას“ იმ მომხმარებლებს უნდა უმადლოდეს, რომლებმაც Mattel-ის ოფისს „შეუტიეს“, მამრობითი სქესის თოჯინის შექმნის მოთხოვნით. სათამაშოს ჰენდლერის ვაჟის – კენეტის სახელი ეწოდა.
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 1961 წელს, ბარბიმ და კენმა დიდი სახლი „მიიღეს“, ხოლო 1965 წელს ასტრონავტი ბარბის გაყიდვაც დაიწყო. 1968 წელს ბარბის მეგობარი კრისტი „შეეძინა“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შავკანიანი თოჯინა შეერთებულ შტატებში. მალე ცნობილი ადამიანების სათამაშო ასლების წარმოებაც დაიწყო. მსგავსი პატივი პირველად ტვიგის ერგო. მოგვიანებით გამოვიდა თოჯინები ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის, ზენდაიას, ეშლი გრეჰემის და ასევე, ელიზაბეტ II-ის სახით.
რუთ ჰენდლერს 1970 წელს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სარძევე ჯირკვალი ამოუღეს და ქალმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა კომფორტული პროთეზი.
1973 წელს რუთ ჰენდლერმა დატოვა Mattel-ის ხელმძღვანელის პოსტი, ხოლო 1975 წელს მან და მისმა მეუღლემ დატოვეს კომპანია. მიზეზი გახდა ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილი ფინანსური თაღლითობით იყვნენ დაკავებული. 1978 წელს სასამართლო პროცესი გაიმართა. წყვილს ბრალი თაღლითობასა და საგადასახადო სამსახურში ყალბი ინფორმაციის შეტანაში ედებოდა.
რუთს 41-წლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ, მაგრამ სოლიდური ჯარიმითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მისჯით, თავისუფალი დარჩა.
რუთ ჰენდლერი გარდაიცვალა 2002 წლის 27 აპრილს ლოს-ანჯელესში. გარდაცვალების მიზეზი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი გართულება გახდა.