„ტალახის ტალღები“ შოვის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დავიწყე… ვხატავდი უმისამართოდ“…

ბავშვობიდან დიდ ფეხბურთზე ოცნებობდა,  თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრა. პატარაობიდანვე  ხატავდა  და დღემდე არ შეუწყვეტია… კედლები, ინტერიერი, გრაფიკა… – მრავალმხრივი შემოქმედია. თუმცა ხატვა დაიწყო ფანქრით და გამორჩეულად უყვარს, როდესაც შავი ფანქრით ადამიანს აქანდაკებს.
ფანქრით ხატვა  ერთი ინსტრუმენტით, მაგალითად, ერთი ფანდურით მსმენელში მძაფრი ემოციის გამოწვევის მსგავსია.ვირტუოზი უნდა იყო, რომ ამ ერთი ინსტრუმენტით მსმენელის ყური მოიპარო და შენს მუსიკას მიაჯაჭვო. ასევეა ფანქარიც“…
ხატვასთან ერთად ძალიან ყვარს მუსიკა და მეგობართან ერთად, როგორც დიჯეი დუეტი, სხვადასხვა სივრცეში უკრავს.
სამხატვრო სტუდია „ურბან გალერეის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
შოვის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, თითქოს წინასწარ გრძნობდაო, უმისამართოდ დახატა ტალახის ტალღები…. შემდეგ კი, რაც მოხდა, მიხვდა, რომ ეს საშინელი ტრაგედია იყო გამოსახული. – ფსიქოლოგის და მხატვრის, ირაკლი ბუცინაშვილის პერსონა.

– სკოლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოგონებაა, სრული გარემოცვა ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო, სრული მხარდაჭერა მქონდა ყველა ადამიანისგან, ვინც გარშემო მყავდა და, ალბათ, ეს იყო მიზეზი, რატომაც მქონდა მუდმივად პატარ-პატარა წარმატებები სხვადასხვა დარგობრივ შეჯიბრებაში, ოლიმპიადებში.
ბავშვობიდან მაინც ყველაზე ტკბილად ის პერიოდი მახსენდება, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი და დიდ ფეხბურთზე ვოცნებობდი.
– როგორ დაიწყეთ ხატვა? პირველი ნამუშევრები…
–  ხატვა სულ პატარა ასაკიდან დავიწყე, მეგობრებისთვის ჩანახატებს ვაკეთებდი, ანიმაციურ პერსონაჟებს ვუხატავდი მათ რვეულებში და, აღფრთოვანებულები, კიდევ მთხოვდნენ, თუმცა სკოლის ბოლო კლასებამდე აღარ დამიხატავს არაფერი. მეათე კლასში კი პირველად დავხატე ერთი გოგონას პორტრეტი,
ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ მაშინ ისეთი ინტერესი გამოიწვია ჩემშიც და სხვებშიც, რომ თხოვნა და სურვილები წამოვიდა ჩემი მისამართით. მაშინ რომ დავიწყე, შემდეგ აღარც გავჩერებულვარ…– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ… პროფესიით ფსიქოლოგი ხართ…
– მას შემდეგ, რაც ფეხბურთზე ოცნება ქარს გაჰყვა, მალევე მივხვდი, რა მინდოდა. ეს იყო, ზოგადად, ადამიანის ფენომენის უკეთ შეცნობა და გაგება. მივხვდი, ყველა საქმეში, რასაც ადამიანი აკეთებს, მას სოციუმთან მჭიდრო კავშირი აქვს, სფეროს  თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, ყველგან ოქროს ფასი აქვს ეფექტურ კომუნიკაციას, ურთიერთობებს და შინაგან სიმშვიდეს, საკუთარი თავის ცნობას და ფლობას.
ამ ფენომენების შესწავლის შესაძლებლობა ყველგანაა, თუმცა პროფესიონალურად – მხოლოდ ფსიქოლოგიის მიმართულებით და ასე შემოვედი ამ სფეროში, სადაც საკმაოდ დიდი პრაქტიკა დამიგროვდა, თუმცა პირდაპირი ფორმით ფსიქოთერაპია ჩემი თვითმიზანი არ არის.
მე ჩემს ფსიქოლოგიურ განათლებას და გამოცდილებას ვდებ ყველა საქმეში, რასაც ვაკეთებ.
– კედლები, ინტერიერი, გრაფიკა… მრავალმხრივია თქვენი შემოქმედება… თვითნასწავლი ხელოვანი ხართ…
– ვფიქრობ, სანამ გამოქვაბულის ადამიანი საუბარს დაიწყებდა, სანამ თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელი რომელიმე თვისება ჩამოუყალიბდებოდა, უპირველესად მან ხატვა დაიწყო. ხატვა ესაა ნაფიქრალის, ნაგრძნობისა და გაცნობიერებულისთვის ხორცის შესხმა, აბსტრაქციიდან მისი მატერიად გარდასახვა. დამწერლობაც ხატვაა, სანოტო სისტემაც ხატვაა და მთელი ეს სამყაროც დახატულია.
ხატვა შემოქმედებითობაა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია და ყველა ადამიანი მოწოდებით, თავისი ნამდვილი ბუნებით, მხატვარია. უბრალოდ, ვიღაცები თავს ამის უფლებას აძლევენ და ვიღაცები – ვერა. რას დახატავთ, რა მასალით, რა ზედაპირზე – დომინანტი ფერები იქნება თუ ფორმები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს გემოვნების საკითხია, მთავარია, რომ ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელი იყოს თავის ნამუშევარში და ეს მომენტალურად იგრძნობა. ამას ყველა გრძნობს.
– შავი და თეთრი ფერებით ქმნით პორტრეტებს. რატომ ანიჭებთ ამ ფერებს უპირატესობას?
–  ხატვა დავიწყე ფანქრით, შემდეგ  ყველა შესაძლო მასალა მოვსინჯე და სიამოვნების მიღება ყველაფრისგან შეიძლება, თუმცა მიყვარს, როდესაც ფერებს გვერდზე გადავყრი და მხოლოდ ტონში, მხოლოდ შავი ფანქრით ვაქანდაკებ ადამიანს.
ფერებით თითქოს საორკესტრო მუსიკას ჰგავს, სადაც უამრავი მრავალფეროვანი ინსტრუმენტი გაქვს ჰარმონიის შესაქმნელად და ემოციების გამოსაწვევად. ტექნიკურად ურთულესია, თუმცა შედეგის მიღწევა მარტივია, მხოლოდ ხემიანი ინსტრუმენტების გუნდი რად ღირს. ინსტრუმენტების გუნდი რად ღირს და შემდეგ, როდესაც დასარტყამები ემატება, იქით სასულეები და ასე შემდეგ…
ფანქარში ხატვა კი ერთი ინსტრუმენტით, მაგალითად, ერთი ფანდურით მსმენელში მძაფრი ემოციის გამოწვევის მსგავსია. ტექნიკურად მარტივად ასათვისებელია, თუმცა წარმოუდგენელ ოსტატობას საჭიროებს, ვირტუოზი უნდა იყო, რომ ამ ერთი ინსტრუმენტით მსმენელის ყური მოიპარო და შენს მუსიკას მიაჯაჭვო. ასევეა ფანქარიც, გამოცლილი აქვს ყველა ფერი და მხოლოდ ფორმებით ქმნი ჰარმონიას. მხოლოდ ერთი საქმე გაქვს და იმ საქმეში უნდა შეხვიდე ბოლომდე.
ფეხბურთშიც მეკარე ვიყავი, ერთი საქმე მქონდა, ჩემს კარშო ბურთი არ უნდა შესულიყო და იმ საქმეში ვაწრთობდი ოსტატობას.
– თვალებს პორტრეტის ხატვის დროს უმთავრესად მიიჩნევთ…
– სახის ყველა ნაკვთი, თითოეული ნაოჭი და ლაქა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებულ ცვლილებას ახდენს ნიკაპის და ცხვირის ფორმა. თვალები, თავისთავად ცხადია, ყველაზე ემოციური ნაწილია და პიროვნების ინდივიდუალურობა სწორედ თვალებში იკითხება, თუმცა მე ალბათ ასე არ დავშლიდი, მთლიანობაში მიყვარს ადამიანი და მიყვარს ხატვის პროცესის ყოველი დეტალი.
–  და მაინც, რომელ პორტრეტს გამოარჩევდით?
– პორტრეტის ხატვის დროს, ერთი წამია და ერთი წერტილია, როდესაც მის გარეშე სხვა ადამიანი გიხატია და, აი, იმ ერთი მილიმეტრით უკვე ზუსტად ის პიროვნებაა, ვისაც ქმნიდი. ეს იქნება ალბათ კრიტერიუმი, რითაც ჩემს ნამუშევრებს ერთმანეთთან ვადარებ და მაქვს რამდენიმე გამორჩეული, სადაც ვთქვი, რომ – კი, აი, ეს ის არის, რაც მინდოდა.
– თუ მიაღწია ხვიჩა კვარაცხელიას ყურამდე, რომ ექვსი თვე ხატავდით?
– თავად ხვიჩა არ ვიცი, რამდენად ინფორმირებულია, მისი დღის წესრიგი ხომ სრულიად გადატვირთულია თავისი საქმით. დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი ცდილობს მისთვის საჩუქრის გაკეთებას და დაკავშირებას, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ერთი ადამიანისათვის, თუმცა მისი ოჯახის წევრები ინფორმირებულნი არიან და ახლო მომავალში, მინდა ჩემი შექმნილი ეს პორტრეტი მათი გახდეს.
ამ ადამიანმა იმხელა სიხარულის ენერგია შემოიტანა ქვეყანაში და პირადად ჩემში, მინდოდა ჩემი მხრივ გამეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული მისთვის და მართლა დიდხანს ვხატავდი მის პორტრეტს. ნელ-ნელა, სანტიმეტრ-სანტიმეტრ ვავსებდი ქაღალდს და, რასაც ვამბობდი, ამ პორტრეტზე რაღაც მომენტში ვთქვი, რომ დიახ, ეს ის არის, რაც მინდოდა…– შთაგონება… თუ გჭირდებათ ხატვის დროს?
– ხატვას თავისი ენერგია აქეთ მოაქვს, საკმარისია ფანქრები გათალო, ქაღალდი თუ ტილო, ფუნჯები, საღებავები, სივრცე, რაც საჭიროა პროცესისათვის, ყველაფერი გასასროლად მოამზადო და ის ეგრეთ წოდებული „მუზები” და შთაგონებები ავტომატურად მოდიან. ჩემს შემთხვევაში ასე ხდება.
– შემოქმედებითი აფეთქების ტალღა… თქვენი სიტყვებია… როგორ დაიხატა „უფლებამოსილება“?
– ფიტნეს გოგონას სილუეტი, ძლიერი შიშველი ქალი, რომელიც ზურგით ზის, შეტრიალებულია მომავლისკენ, სრულიად დაუცველი, არ აქვს ტანისამოსი, არანაირი აბჯარი და იარაღი, თუმცა თავად არის ის ძალა, რომლითაც განაგრძობს ცხოვრებას ღირსეულად. აქვს ვექტორი მიწიდან ცისკენ, ზემოთ ატყორცნილი ხელები და მიწასთან ნაზი შეხება. ეს ნამუშევარი, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ზომის გახლავთ, ამ მასშტაბზე აქამდე ნახშირით არ მიმუშავია და, ამ გამოცდილების შემდეგ, აუცილებლად გავაგრძელებ დიდი ზომის ნახშირის ხაზს.
– შოვის ტრაგედიას გამოეხმაურეთ ნახატით „ტალახის ტალღები“…. მისტიკური ცისარტყელა… მაშინდელი განცდა, როცა ამ ნახატს ხატავდით…

„ტალახის ტალღები“

– ეს ნამუშევარი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დავიწყე. თავისთავად ცხადია, ჩანაფიქრი შოვი ვერ იქნებოდა, თუმცა საინტერესოა, რომ წინასწარი იდეის გარეშე ხატვას არასოდეს ვიწყებ, ამ შემთხვევაში უბრალოდ ფერებს ვიღებდი და ვალაგებდი.
ვხატავდი უმისამართოდ. შემდეგ შავ-თეთრით მთლიანად გადავფარე ყველა ფერი და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი მწვანე დავტოვე. ვერაფერი მოვუხერხე, უბრალოდ უმისამართოდ ვალაგებდი საღებავს ზედაპირზე და რაღაც მომენტში შევწყვიტე.
ორ დღეში ასეთი ტრაგედია დატრიალდა, მთელი რამდენიმე დღე ფანქარი ვერ ავიღე ხელში, თუმცა ერთი წამით ამ ნახატს შევხედე და მივხვდი, რომ შოვის ტალახიანი მინდორი იკითხებოდა, რომლის თავზეც ცისარტყელა უნდა ყოფილიყო.
ტრაგედიის მეორე დღეს სწორედ ასეთი ცისარტყელა დაადგა შოვს თავზე.
– რა გაძლევთ დიდ სიხარულს და დიდ სულიერ შემოქმედებით აღმაფრენას?
–  ნახატი ყალბი არ უნდა იყოს. ნამუშევარში ავტორი უნდა იკვეთებოდეს, თუმცა ეს ისეთი რთული ფსიქოლოგიური წერტილია, ისეთი რთული განსახორციელებელია, რომ ალბათ მხოლოდ ეს საჭიროებს წლების გამოცდილებას.
არა ტექნიკა, არა აკადემიური მხატვრობის წესების განვითარება, არამედ – გულწრფელობის სწავლა. პიკასოც, ალბათ ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ მე ოთხ წელიწადში მოვახერხე რაფაელივით ხატვა, ხოლო მთელი ცხოვრება დამჭირდა, რათა დამეხატა, როგორც პატარა ბავშვსო.
ეს ამბავია და ჩემი შემოქმედებითი აღმაფრენაც ხატვისას ჩემს გულწრფელობას მოაქვს.
– როგორი უნდა იყოს თანამედროვე მხატვარი?
– ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი უნდა გააჩნდეს, ერთი, რაზედაც ვისაუბრე, გულწრფელობა და თავისუფლება, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებლად – ინტელექტი. თანამედროვე მხატვარი ცალსახად, აუცილებლად უნდა იყოს განათლებისა და დიდი ინტელექტის მქონე პიროვნება.
– ფანქრით და ნახშირის პუდრით მწერლისთვის გარეკანის ნახატი დახატეთ…
– კი, მოხდა ასეთი რამ. ამერიკელი მწერლისთვის, რომელმაც ერთი ოჯახის ბიოგრაფიული ნაწარმოები შექმნა, რომლის სათავეშიც ერთი ქალბატონი იდგა, შემომთავაზა მისი წიგნისთვის ამ ადამიანის ბავშვობის ფოტოს ნახატად ქცევა, რათა გარეკანის დიზაინისთვის გამოეყენებინა. ძალიან სასიამოვნო ფაქტია ეს ჩემთვის.
– ჰობი…
–  უამრავი ჰობი მაქვს, ძალიან მიყვარს  წიგნები და ხშირად ვკითხულობ – არა ქართულად, არამედ სხვა ენაზე:  ინგლისურად, გერმანულად. პერიოდულად უცხო ენების გაძლიერებულად სწავლის სურვილი მაქვს  და ფინურ და უკრაინულ ენებზე ვკითხულობ  წიგნებს. ასევე, ძალიან მიყვარს მუსიკა და ჩემს მეგობართან ერთად ვუკრავთ სხვადასხვა სივრცეში. დიჯეი დუეტი ვართ. მოგზაურობა, ბუნება, ვარჯიში, რა ვიცი, ყველაფერი მიყვარს.
– გამოფენები,  გეგმები…
–  ჩემი გეგმები უპირველესად დაკავშირებულია ჩემი სამხატვრო სტუდიის განვითარებასთან – „ურბან გალერეა“ არის მისი სახელი, რომელსაც მე და ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი მხატვარი თეა ჯიქია ვხელმძღვანელობთ. ეს ჩვენი სახელოსნო, სამუშაო სივრცეა, სადაც ვქმნით ნამუშევრებს და პარალელურად ვასწავლით ყველა ასაკის ადამიანს. უფრო მეტი ზრდასრული პიროვნება მოდის, ისეთი გასაოცარი შედეგები აქვთ ამ ადამიანებს უმოკლეს ვადაში, რომ პედაგოგიური სიხარულით მიხარია მათი წინსვლას.
ამჟამად ვმუშაობ სერიაზე, რომელიც შემდგარი იქნება, ერთი მხრივ, ურბანული პეიზაჟებით და მეორე მხრივ, დიდი ზომის შიშველი სილუეტებით.
მაქვს ურთიერთობები გერმანელ კურატორებთან და სააგენტოებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩემთან ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიება დააორგანიზონ.
ამასთან ერთად, ჩართული ვარ სოციალურ პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკურ პარტია – „ანა დოლიძე – ხალხისთვის” ვმუშაობ სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ მშრომელებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების დაცვაში, იქნება ეს ანაზღაურების ნაწილში თუ შრომის უსაფრთხოების და ასე შემდეგ.
ჩემი გეგმაა, რომ ამ ჩვენს ლამაზ საქართველოში მეტმა ბედნიერმა ადამიანმა იაროს და ამ მიზანში ჩემი წვლილი შევიტანო, მხატვრობით, ფსიქოლოგიით, მუსიკით და სოციალურ-პოლიტიკური აქტივიზმით.

 

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები