„მინდა პატარა სახალხო თეატრის შექმნა, რომელიც სოფელ-სოფელ ივლის და ნებისმიერ სივრცეში შეძლებს სპექტაკლის ჩატარებას“…

ბავშვობის ხალისიანი წლები ქობულეთში გაატარა. მღეროდა, ცეკვავდა, ხატავდა… მსახიობობაზე ფიქრიც ბავშვობიდან დაიწყო და ჩააბარა კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში. მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე თემო აბაშიძის ჯგუფში მოხვდა. ვოკალს ზურაბ ანჯაფარიძე ასწავლიდა. მეორე კურსიდან ქალბატონ ლილი იოსელიანის ჯგუფში გადავიდა და თეატრისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი დაამთავრა.
თეატრალურ  სტუდია „ნიღაბს“ ხელმძღვანელობს, სადაც სამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობა უწევს. ამბობს, რომ „ნიღაბში“ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და  რამდენიმე მათგანი,  ქართული კინოსა და თეატრის ასპარეზზე წარმატებით იმოღვაწებს.
სტუდიის სპექტაკლების პარალელურად მუშაობს „კარიტასის“ დღის ცენტრის „მზესუმზირების“ ბენეფიციარებთან. „კარიტასში“ მუშაობა „ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რადგან საკმაოდ რთულია და მუდმივად საინტერესო  გამოწვევებით სავსე“, –  პედაგოგ ლანა ლოდიას პერსონა.

– დავიბადე ზღვიან და მზიან ქობულეთში. სკოლაც იქვე დავამთავრე და, შესაბამისად, ძალიან ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მამა კავშირგაბმულობის ინჟინერი იყო, დედა კი – ბიბლიოთეკარი. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი  (მუდმივად კონცერტებსა და სპექტაკლებს ვდგამდი უბნის ბავშვებთან, ვასწავლიდი ლექსებს, შპაგატში ჩაჯდომას, სიმღერებს, ცეკვას…)… სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ უფრო კლასგარეშე ლიტერატურა მიყვარდა, ვიდრე რომელიმე კონკრეტული საგანი. ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი, მიყვარდა ტანვარჯიში, ცურვა… ყველაფერი მაინტერესებდა… პროფესიის არჩევაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ. თითქოს თავიდანვე ვიცოდი, რომ სწორედ მსახიობობა  დამიკმაყოფილებდა მრავალფეროვან ინტერესს, რადგან მსახიობი  დღეს ექიმია, ხვალ მონაზონი, ზეგ ჯარისკაცი, მაზეგ დამნაშავე…
ოჯახში ჩემს გამსახიობებას უარყოფითად უყურებდნენ და თვლიდნენ, რომ ამ არასერიოზული პროფესიისთვის არ უნდა დამეხარჯა ჩემი მრავალმხრივი ნიჭი.
– როგორ გაიხსენებთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გატარებულ წლებს?…
– ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ვინაიდან კარგად ვმღეროდი (და ლამაზი ტემბრი მქონდა, როგორც მაშინ შეაფასეს), თავიდან მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე ჩავაბარე ბატონ თემო აბაშიძის ჯგუფში. ვოკალს თვით ზურაბ ანჯაფარიძე მასწავლიდა. თუმცა მეორე კურსიდან ქალბატონ ლილი იოსელიანის ჯგუფში გადავედი და დავამთავრე თეატრისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი. ამ გენიოს ადამიანთან, ურთიერთობა, რომელიც ყველა თავის მოსწავლეს შვილს ეძახდა, ცალკე ისტორიაა.
რადგან სწორედ ამ პერიოდში გაიდგა ფესვები ჩემში ღირებულებებმა, რომელიც ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ამ პერიოდში გავთხოვდი,  გავაჩინე ორი შვილი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბევრი წელი მთლიანად ოჯახს დავუთმე.
მახსოვს ქალბატონი ლილის სიტყვები, როცა გათხოვება დავაპირე. დაფიქრდი, შენ ის ადამიანი არ ხარ, ორ ეკლესიაში ერთად რომ ილოცებსო. ოჯახიც და ხელოვნებაც შენთვის რელიგიაა და საქმის ნახევრად კეთება შენ არ შეგიძლიაო. მართალი აღმოჩნდა. დღემდე ასე ვარ.  ნებისმიერ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები.
შვილები წამოიზარდნენ და მივხვდი, რომ უზარმაზარი ენერგია დამიგროვდა, რომელიც უნდა გამეცა. ბევრი სამსახური გამოვიცვალე და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ბავშვებთან ურთიერთობა მომწონდა და გამომდიოდა…
– დიდი პიროვნებები – ზურაბ ანჯაფარიძე და ლილი იოსელიანი გასწავლიდნენ…
– გასახსენებელი  ბევრია ამ ორ უდიდეს ადამიანზე. მათთან ურთიერთობა ბედნიერება იყო, მით უფრო, როცა გასწავლიან. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამას  მაშინ, როცა პატარა ხარ,  ბოლომდე ვერ აცნობიერებ.
ბატონ ზურაბთან მხოლოდ ერთი წელი მომიწია სწავლა. ხშირად ოპერაში გვიბარებდა რეპეტიციებზე. ერთხელ მითხრა: გატყობ დიდად არ მოგწონს აქაურობა და არც კლასიკური სიმღერებით იხიბლები, არადა ხმაში ისეთი ობერტონები გაქვს, დასანანია. იქნებ სცადო, სხვა ყურით მოუსმინო ოპერასო.
მაშინ მისმა სიტყვებმა ცოტა შემაშინა, რადგან კლასიკური მუსიკა და ჩემი თავი ერთად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
ნოტების სწავლა თეატრალურში დავიწყე, რამდენიმე ხანში მითხრა: ხმაში შიშინი დაგეწყო, მოწევის დაწყება არ არის საჭირო, თუ არ გინდა, ნუ იმღერებ კლასიკასო. ახლა რომ მახსენდება, მრცხვენია და მეცინება, ისე უტიფრად ვურეკავდი ჩახლეჩილი ხმით და ვატყუებდი, გაკვეთილზე  ვერ მოვდივარ, სიცხე მაქვს-მეთქი. ის კი მეუბნებოდა, ნუ ხლიჩინებ, ერთხელაც მართლა დაიზიანებ იოგებსო… საოცრად პოზიტიური, მშვიდობიანი ადამიანი იყო…
ქალბატონი ლილი კი ჩემთვის და ყველა მისი აღზრდილისთვის სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, როგორც ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გვასწავლიდა. ყველას ჩვენი წილი ლილი გვყავდა. ყველას გვყოფნიდა, ყველას გვეიმედებოდა… საოცარი თვალები ჰქონდა. მზერა, რომელიც წამის მეასედში ეცვლებოდა იმის მიხედვით, თუ რას ისმენდა ან რას ამბობდა… ერთდროულად შეეძლო ყოფილიყო: ბრძენი, ცელქი, ახალგაზრდა, მოხუცი, ბავშვი, ეშმაკუნა, სევდიანი, მხიარული, ბრაზიანი, ძლიერი, სუსტი,  აფორიაქებული და მშვიდი… დღემდე ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებდა… შეუძლებელი იყო მისი მოტყუება. უბრალოდ  შემოგხედავდა და გკითხულობდა. თუ აინტერესებდი, გადაგფურცლავდა კიდეც, რომ უფრო ღრმად ჩაეხედა შენში. უნიკალური სიდიდის ადამიანი იყო ჩვენი ქალბატონი ლილი. ყველა თაობის ყველა მოსწავლეს დღემდე  გვიყვარს, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ დარწმუნებული ვარ,  მასაც ყოველი ჩვენგანი გულით უყვარდა. ვერც ამას ვხვდები, როგორ ახერხებდა ამდენი ადამიანისთვის მიეცა სითბო და სიყვარული.
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ლილი ვისი დამსახურებაცაა ჩემი ხედვა და ღირებულებები, რომლითაც დღეს  მე ვცდილობ მომავალ თაობას ვასწავლო.
–  თეატრალურ  სტუდია „ნიღაბს“ ხელმძღვანელობთ, სადაც სამსaხიობო ხელოვნების შესასწავლად მოდიან მოზარდები. ფესტივალები, გასვლითი ჩვენებები, მასტერკლასები … ამ ბოლო დროს   სტუდიანიღაბის“ სპექტაკლიხვალ ისევ ამოვა მზე“  მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დაიდგა…  მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდაა თქვენთან გაერთიანებული…
– სტუდია „ნიღაბი“ ჩემი პირმშოა. ეს ის ადგილია, სადაც უზარმაზარ შრომას და ენერგიას ვდებ და ბოლომდე ვიხარჯები. ვცდილობ, ბავშვებისთვის სტუდია მხოლოდ სწავლის და შემოქმედებითი უნარების განვითარების ადგილი კი არ იყოს, არამედ მეგობრული სივრცე, სადაც მათი ესმით, უსმენენ და მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნობენ თავს. ვფიქრობ, ამას ვახერხებ კიდეც. რადგან ბავშვის ბუნება სარკესავით ასახავს იმას, რასაც ხედავს და ზუსტად იმ გამოსახულებას გიბრუნებს, როგორც გხედავს.
დედამიწის ხილული საოცრებები არიან, უბრალოდ დიდებმა დავკარგეთ გაოცების უნარი…
სტუდიაში სამი ასაკობრივი ჯგუფი მუშაობს. შესაბამისად, ერთდროულად მიწევს სამ სხვადასხვა სპექტაკლზე მუშაობა. წლის განმავლობაში თითოეულ ჯგუფში ორი სპექტაკლი უნდა დავდგა.  ეს საკმაოდ რთულია. ხშირად მირჩევენ, რომ ერთი სტუდიაა, შეარჩიე ბავშვები და ისე ათამაშე ერთი სპექტაკლიო (სხვაგან ეგრე აკეთებენო), მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ჩემი მუშაობის პრინციპია, რომ  ყველა ბავშვი ყოველთვის თანაბარ მდგომარეობაში იყოს რეპეტიციაზეც და სპექტაკლშიც. წარმატებას კი სცენაზე ვინ როგორ მიაღწევს, მაყურებლის გადასაწყვეტია. როცა ბავშვებთან მუშაობ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ თავდაჯერებულობა მისცე და არ დათრგუნო. ვფიქრობ, სტუდიის ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობა ასეთი მიდგომის შედეგია.
ვცდილობ, სპექტაკლები მათთვის აქტუალურ თემებს ეხებოდეს და მივიწყებული სწორი ღირებულებებიც გააცნობიერონ. სწორედ ამიტომ გავაკეთე პიესა დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, რადგან  ვთვლი, რომ მისი პერსონაჟები ყველაზე უკეთესი მასწავლებლები არიან, ადამიანური ღირებულებებით გამორჩეულნი.
11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა საოცრად ოსტატურად გაართვეს თავი ამ ურთულეს საქმეს.  თავიდან პრემიერა „საქართველოს კარიტასის“ სცენაზე ვითამაშეთ და, მაყურებლის სურვილით, მერე უფრო დიდ სცენასაც შევეჭიდეთ. ბატონმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სიამოვნებით დაგვითმო მოზარდის სცენა და საკმაოდ სოლიდური მაყურებლის წინაშე ბავშვებმა არაჩვეულებრივი შედეგი დადეს. ძალიან ნიჭიერი ბავშვები მყავს „ნიღაბში“. რამდენიმე მათგანი, დარწმუნებული ვარ, ქართული კინოსა და თეატრის კაშკაშა ვარსკვლავი გახდება.
– სტუდია „ნიღაბმა“ წელს ორი წარმატებული სპექტაკლი დადგა…
– პატარების ჯგუფმა (6-დან 8 წლამდე) „პინოქიოს თავგადასავალი“ ითამაშეს, ხოლო საშუალო ჯგუფმა (8-დან 11 წლამდე) – უფლისწული და მათხოვარი“.
ეს ის სპექტაკლებია, რომლებიც წელს ყველაზე წარმატებული იყო. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საბავშვო ფესტივალები და კონკურსები, რადგან ვთვლი, რომ არცერთი პრიზი არ ღირს თუნდაც ერთი ბავშვის იმედგაცრუებად. მით უმეტეს, როცა ბავშვთა ფესტივალების სწორად  ორგანიზება ჩვენთან, ცოტა არ იყოს, რთული ამბავია. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვმონაწილეობთ ხოლმე მსგავს ფესტივალებში გამოცდილების  მისაღებად.
ჩემი სტუდია 182-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ძალიან პატარა სივრცეში მდებარეობს. სამწუხაროდ, სცენაზე რეპეტიციების ფუფუნება არ გვაქვს და ყველა საკმაოდ დიდი და წარმატებული სპექტაკლი პრემიერამდე ხოლო რამდენიმე სასცენო რეპეტიციის შედეგია.
მადლიერებით მინდა აღვნიშნო 182-ე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ეკა თაბუაშვილის მხარდაჭერა და თანადგომა, რომელიც ხშირად გვაძლევს სკოლის სააქტო დარბაზში რეპეტიციის საშუალებას. ჩემი საოცარი აღსაზრდელების ნიჭიერება მაძლევს საშუალებას, მომავალი წლიდან ბევრად უფრო დიდი და წარმატებული პროექტები განვახორციელო.
სეზონს დავიწყებ მოზარდების ცხოვრების თემაზე შექმნილ პიესაზე მუშაობით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და თანამედროვეა – მოზარდების პრობლემებზე, მათი თვალით დანახულ მასწავლებლებზე და მშობლებზე … ერთი სიტყვით,  ეს იქნება სპექტაკლი „ღია გაკვეთილი”, რომელიც ასწავლის უფროსებს მოზარდებთან ურთიერთობას.  სწორედ ამ პიესაზე ვმუშაობ ამჟამად.
– საქველმოქმედო ფონდ  „საქართველოს კარიტასში“ მუშაობთ…
–  საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასში“  სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ვმუშაობ. თეატრი სწორედ აღმოჩენების სამყაროა, სადაც შეგიძლია ბავშვს, მოზარდს ასწავლო ნამდვილი ფასეულობები, საკუთარ თავთან ჩაღრმავება, სხვისი და საკუთარი ემოციების გაანალიზება. სპექტაკლი  მხოლოდ ფოიერვერკია. მთავარი რეპეტიციებია, როცა ხედავ, როგორ იცვლება მოზარდის თვალები. როგორ ხდება მისი დაბნეული მზერა თავდაჯერებული. საოცარი მომენტია.
არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იცი, რომ ყველა შენს მოსწავლეს გულწრფელად უყვარხარ და გენდობა. უკვე მრავალი წელია, რაც ჩემს  სტუდიაში და „კარიტასში“ ერთდროულად ვმუშაობ და ვფიქრობ, ვიპოვე ჩემი ცხოვრების ადგილი. ადგილი, სადაც მე ისევ ის ცელქი გოგონა ვარ, ბავშვობაში უბნის ბავშვებს ლექსებს გამოთქმით რომ ასწავლიდა.
– „კარიტასის“ პროექტები…
– პროექტები საკმაოდ ბევრი იყო, რადგან „კარიტასი“ საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობის საშუალებას მაძლევს, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, იყო 2014 წელს პირველად საქართველოში   საცეკვაო სპექტაკლი 19 შშმ პირის და სოციალურად დაუცველი ბავშვების მონაწილეობით. თემო და ქეთი, შემდგომში „ნიჭიერის“ გამარჯვებულები, პირველად სწორედ ჩემს სპექტაკლში დადგნენ სცენაზე ერთად. ეს იყო პოლონეთის საელჩოსა და „კარიტასის“ ერთობლივი ხელშეწყობით.
მანამდე საქართველოში ეტლით მოსარგებლე სცენაზე არც ასულა.
შემდეგ იყო ასევე ძალიან საინტერესო დრამთერაპიის პროექტი, რომელიც განხორციელების საშუალებაც „კარიტასმა“ მომცა.
ეს იყო, ასე ვთქვათ, წარმატებული ექსპერიმენტი, როცა რეალური „რთული” მოზარდი, პედაგოგი და მშობელი ერთ სპექტაკლში  მონაწილეობენ. ამ დროს ხდება ერთმანეთის მიმართ შეხედულებების და განწყობების სრული გარდასახვა. იწყებენ რეალური მოვლენების აღქმას ერთმანეთის თვალით.
ძალიან საჭირო და საინტერესო პროექტია, რომლის განხორციელებაზე უფრო დიდი მასშტაბით ვფიქრობ. მინდა სკოლებში დავნერგო, თუმცა საკმაოდ რთულია მსგავსი პრობლემებისკენ მიახედო დღევანდელ საქართველოში ვინმე. ვნახოთ.
ასევე ვგეგმავ, ასე ვთქვათ, პატარა სახალხო თეატრის შექმნას, რომელიც სოფელ-სოფელ ივლის და იქაური მაყურებლისთვის იქ არსებულ ნებისმიერ  სივრცეში შეძლებს სპექტაკლის ჩატარებას. იმედი მაქვს, შევძლებ.
–  პატარა სახალხო თეატრი… რეგიონებში წარმოდგენების გამართვა მართლაც საინტერესო იდეაა… როგორ  აპირებ ამ იდეის განხორციელებას…
– სახალხო თეატრი ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ყოველთვის ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვისი ოცნებაც მსახიობობა იყო, მაგრამ მიზეზთა გამო სხვა პროფესიაში მოახერხეს თავის რეალიზება. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებების მოხდენას შეძლებს  სცენაზე ახდენილი ოცნებები?  წელს ვფიქრობ დროა, შევეჭიდო ამ საქმესაც. თავიდან ჩემი სტუდიის ბაზაზე დავიწყებ რეპეტიციებს, მერე კი, რა თქმა უნდა, სარეპეტიციო სივრცესაც გავწვდები. მთავარი დაწყებაა, კასტინგის სწორად ჩატარება და ჯგუფის შერჩევა, რომელიც თანამოაზრე გახდება ამ ლამაზი იდეის განხორციელებაში…
– თბილისის ბავშვთა დღის ცენტრ მზესუმზირებისბენეფიციარებმა განასახიერეს უკრაინის მოსახლეობის ცხოვრება, რომელიც სამუდამოდ შეცვალა 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულმა ომმაგვიამბეთ ამ სპექტაკლზე?
– სტუდიის სპექტაკლების პარალელურად ვმუშაობ „კარიტასის“ დღის ცენტრის „მზესუმზირების“ ბენეფიციარებთან. ასე გამოდის, რომ ერთდროულად ოთხ სპექტაკლზე ვმუშაობ ხოლმე… „კარიტასში“ მუშაობა ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რადგან საკმაოდ რთულია და მუდმივად საინტერესო  გამოწვევებით სავსე.
ომის თემაზე მინი სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტე ბავშვთა დაცვის დღისთვის, რომელიც ღია სივრცეში უნდა ჩატარებულიყო და უცხოელ სტუმრებსაც უნდა ენახათ. ამიტომ მინი სპექტაკლი უსიტყვოდ მინდოდა გასაგები გამხდარიყო ყველასთვის. ჩვენების შემდეგ „კარიტასის“ ხელმძღვანელობამ შემომთავაზა ვიდეოს გადაღება, რაზედაც სიამოვნებით დავთანხმდი.
– ოჯახი… თქვენი ოჯახიდან სხვაც ხომ არ არის თეატრალურ სამყაროში? მეუღლეზე, შვილებზე გვიამბეთ… ან რაც გინდა, თუნდაც ოჯახის შექმნის რაიმე საინტერესო ამბავი თუ გინდა, რომ მოყვე…
– ოჯახში სცენასთან მხოლოდ მე მაქვს კავშირი… ჩემი პირველი ქორწინება პირველი კურსის ბოლოს შედგა. 19 წლის ვიყავი, მეუღლე კი -20 წლის. საკმაოდ პატარები ვიყავით, თუმცა მყარი და კარგი ოჯახი შევქმენით. ქალ-ვაჟი გავზარდეთ. 23 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახის შენარჩუნება გაგვიჭირდა.
განქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში ჩემთვისვე სრულიად წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. 30 წლის წინ დაწყებული და მერე საფუძვლიანად დაწყებული სიყვარულის ისტორია დაბრუნდა, გაგრძელდა… არც კი ვიცი, რა დავარქვა… ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი ღრმა წარსულიდან, რომელმაც შეძლო, თავდაყირა დაეყენებინა ჩემი გონება. ძალიან რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, როცა უკვე ასაკში ხარ და დიდი შვილები გყავს, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას, შენც და სხვებიც, მაგრამ ცხოვრება იმდენად  მშვენიერია, რომ თურმე  არასოდეს არის გვიან თავიდან დაწყება. ასე რომ, 46 წლის ასაკში მეორედ გავთხოვდი  და ბედნიერი ვარ, რადგან ის არის ჩემი ადამიანი.
– ჰობი…
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ მაინც ცეკვა არის ჩემი სული, ჰობი, გატაცება…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
–  ვმუშაობ პიესაზე „ღია გაკვეთილი”  და ასევე ვამზადებ პროექტს „დრამთერაპია სკოლებში “.

                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები