ლევილის ისტორიულ მამულში მესამე ქართული საფესტივალო კვირა დასრულდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირეული დასრულდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 12 და 13 აგვისტოს, ისევე როგორც, 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, მათ შორის, ქართული ცეკვის წარმოდგენის ნაწილი, სრულად გაუქმდა.
13 აგვისტოს საქართველოს კამერულმა გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, ასევე შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები: „ქორალი” და „ბალახო მითხარ”.
ღონისძიების მეორე ნაწილში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ფიროსმანი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი). ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
19 და 20 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან: თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“, რეჟისორი ივანე ხუციშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. თუმცა, ფესტივალის პროგრამა არაერთხელ შეიცვალა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“ გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
დღემდე აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეტაპობრივად მიმდინარეობს მამულის სხვადასხვა ნაწილის განახლება.
2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები