შოვის ტრაგედია, სიცოცხლის წყურვილი და შავი ღვინით გამოსახული ემოცია

შოვის ტრაგედიაზე უკვე დაიწერა ლექსები, იქმნება ნახატები… ერთ-ერთი მათგანი მხატვარი ეკა ფხოველიშვილია. მან შოვის სტიქიის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ნამუშევარი შავი ღვინით დახატა.

– თქვენი ნახატი შოვის ტრაგედიაზე შავი ღვინითაა შესრულებული. რატომ?
– რაჭა ჩემი სიყვარულია. ბავშვობიდან დღემდე მოყოლებული, ყოველ ზაფხულს  ვსუნთქავ და შევიმეცნებ რაჭის დიდებულ სილამაზეს. ეს კუთხე ყოველთვის ჩემი შთაგონების წყაროდ არის ქცეული და რა ტრაგედიაც დატრიალდა, თავზარდამცემი იყო. ვეცადე, ხელოვნების ენით მესაუბრა და ჩემი გრძნობები და ემოციები გამომესახა შავი ღვინით. ღვინო ხომ  ქრისტეს სისხლი,  ზიარების სიმბოლოა.
ვიმედოვნებ, მსგავსი ტრაგედია აღარასდროს გამეორდება და ჩვენი ქვეყანა აღარ აღმოჩნდება მსგავს განსაცდელში.

შოვი – 03.08. 2023
მხატვარი ეკა ფხოველიშვილი

– ნახატზე  კაცი, ბიჭი და ნაძვია
– ეს ადამიანები გადარჩენილები არიან. ამ ახალგაზრდა კაცის ინტერვიუს მოვუსმინე, რამხელა შიში გადალახეს  და რა რთული გზა გაიარეს, რომ გადარჩენილიყვნენ. სიცოცხლის წყურვილი იმდენად ძლიერი და დიდია, რომ ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავს ადამიანი. ამ ამბავზე ხშირად ვფიქრობ და იმ დღეს დილით, როგორც კი მზე ამოვიდა, ხატვა დავიწყე.
– რაჭა თქვენთვის ახლობელი მხარეა. უფრო ადრე დახატეთ სოფელი გონა
–  მე დედა ბარველი მყავს, მრავალძალისკენ არის ის სოფელი, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. ამჟამად ონში ვიყიდეთ ბინა და იქ ჩავდივართ ხოლმე. გონას სილამაზემ კი ეს ნამუშევარი შემაქმნევინა.
– როგორ გაიხსენებთ სტიქიამდელ  შოვს?
– შოვში ონიდან თითქმის ყოველ კვირას დავდიოდით. ბავშვები მიგვყავდა და მინერალურ წყლებს ვსვამდით. სტუმრებიც რომ მოგვდიოდნენ, შოვშვში მიგვყავდა, რომ შეეგრძნოთ რაჭის  სილამაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ადგილები, სადაც ვისვენებდით სტუმრებთან ერთად – კალცის წყალი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, აღარ არსებობს.
დაბოლოს, დღეს ბევრი ლექსი იწერება შოვის ტრაგედიაზე, ხატავენ მხატვრებიც…  და მაინც, ხელოვნება უმსუბუქებს ტკივილს ადამიანებს…
– ნამდვილად, მეც ვფიქრობ, ჩემი სიტყვა ვთქვი და საზოგადოებას  ფუნჯის მონასმებით მივაწვდინე ჩემი გრძნობები, განცდები…

                          ეკა ფხოველიშვილის მიერ შავი ღვინით შესრულებული სხვა ნამუშევრები

სიღნაღი

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები