„იუსტიცია ჩემს მეორე ოჯახად იქცა, ამ სისტემის გარეშე არსებობაც კი ვერ წარმომიდგენია“…

ჩხოროწყუს რაიონში დაიბადა.  სკოლის დასრულების შემდეგ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  განაგრძო სწავლა.
1990 წლიდან 2002 წლამდე  მუშაობდა ჩხოროწყუს საადვოკატო ბიუროში, ადვოკატად, 2002 წლიდან – მმაჩის ბიუროს უფროსად, 2004 წლიდან – ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის განყოფილების უფროსად, 2009 წლიდან ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის უფროსის მოადგილედ, 2019-2020 წლებში ასრულებდა უფროსის მოვალეობებს, 2021 წლიდან კი  ჩხოროწყუს იუსტიციის სახლის სპეციალისტია.
პარალელურად ჩხოროწყუს საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას.
ამბობს, რომ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ორივე სამსახურში და ცოდნა და გამოცდილება  იმ საოცრად კეთილშობილურ საქმეებს მოახმაროს, რომლებიც გულით უყვარს. – ირინა ცქვიტაიას პერსონა.

– დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში, პედაგოგების ოჯახში. მამა  სკოლის დირექტორი, ფიზიკა- მათემატიკის  შეუდარებელი სპეციალისტი იყო, გვერდით ცხოვრობდა ბიძა, ისიც მათემატიკოსი და სკოლის დირექტორი, ბიცოლა დაწყებითების მასწავლებელი იყო, დედა საავადმყოფოში მუშაობდა მედდად.
ასე რომ, დილით ერთ ეზოში მცხოვრები ორივე ოჯახიდან ყველანი გავდიოდით სამსახურებსა და სკოლაში. ეს იყო ბავშვობის საუკეთესო წლები, ოჯახში ყველას ტექნიკური საგნები უყვარდა, მე რატომღაც  ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, კლასიკა, მიტაცებდა დეტექტიური ჟანრის წიგნები და   იურიდიულ ფაკულტეტზე  სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, თუმცა პედაგოგების გენეტიკური კოდი ჩემში აღმოჩნდა რაღაც დოზით, რის გამოც სულ მინდოდა ჩემი შესაძლებლობები მეცადა სკოლაში.
– სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
–  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით დავამთავრე.
იმდენად მიყვარდა ლიტერატურა, მისაღებ გამოცდაზე ქართულ წერაში მზექალა შანიძემ დამიწერა უმაღლესი შეფასება – ხუთი, რაც მისი მხრიდან იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მეც მთელი ცხოვრება მომყვება, როგორც საუკეთესო სტიმული.
– ჩხოროწყუს იუსტიციის სახლის სპეციალისტი ხართ. 22 წელი კი იუსტიციის სისტემაში ხართ დასაქმებული…
– 2021 წლიდან ვარ ჩხოროწყუს იუსტიციის სახლის სპეციალისტი, იუსტიციის სისტემაში მუშაობის წლები ჩემთვის იყო ნაყოფიერი, ზრდისა და ჩამოყალიბების წლები.
იუსტიცია ჩემს მეორე ოჯახად იქცა, ამ სისტემის გარეშე  ვერ წარმომიდგენია  ჩემი არსებობაც კი… სისტემაც, დღის გრაფიკი, დრესკოდი და მომსახურების სტანდარტები ჩემს ყოველდღიურობად იქცა, მომწონს. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ სიყვარულით და ვცდილობ,  ორიენტირებული ვიყო მოქალაქეთა სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებაზე. ჩემი რაიონის მოქალაქეებისგან ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ვიღებთ შესაბამის სითბოს და სიყვარულს, მე მათ ვეიმედები, რაც ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა.
– პარალელურად  ჩხოროწყუს საჯარო სკოლაში ასწავლით  სამოქალაქო განათლებას. რატომ არის ამ საგნის სწავლება მნიშვნელოვანი?
– 2022 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, ჩავაბარე მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, მშვენივრად შევუთავსე ორივე სამსახური ერთმანეთს. შესვენების დროს მივდივარ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად, იქიდან კი ახალი ენერგიით სავსე და დამუხტული ვბრუნდები უკან.
სამოქალაქო განათლების სწავლება ნიშნავს იმას, რომ შენი გარკვეული წილი შეიტანოს მათი ზოგადი განათლების საქმეში, ვუხსნი მათ იუსტიციის სახლების მნიშვნელობას, სერვისებს, რომ იუსტიციის სახლი არის ახალგაზრდობის, ინოვაციების და მომავლის ჰაბი.
– ოჯახი… როგორ ასწრებთ ოჯახის საქმეებს და ამ ყველაფერს ერთად?
– ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი რეალიზებული ქალი, ვფიქრობ, ეს მოვახერხე. მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე სკოლის დირექტორია, ქალიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ვაჟი შშმ პირია.
მთელი ოჯახი ვეხმარებით ერთმანეთს პრობლემების მოგვარებასა  და გადაჭრაში, იუმორით თუ ვიტყვი, ვფიქრობ, არ ვარ ცუდი დედა და მეუღლე.
– ჰობი…
– ამჟამად ჩემი ჰობია, რაც შეიძლება მეტი ახალი სერვისის ათვისება იუსტიციის კუთხით, რაც შეიძლება მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, რათა ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარო ზოგადი განათლების მიღებაში.
– სამომავლო გეგმები…
– ვგეგმავ, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ორივე სამსახურში და ჩემი ცოდნა და გამოცდილება  მოვახმარო იმ საოცრად კეთილშობილურ საქმეებს, რომლებიც გულით მიყვარს.

 

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები