როგორ გადაარჩინა სპილომ საკუთარი პატრონი
ერთი ხანობა ბუდიზმი, როგორც ფილოსოფია, ძალიან მაინტერესებდა. ვესწრებოდი შეხვედრებს, ვკითხულობდი ათასგვარ ლიტერატურას და ვცდილობდი, გამეგო ამ რელიგიის არსი რაშია.
ძალიან გამიჭირდა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის დარჩა ფილოსოფიად და ამის იქით ვერ წავედი, მაგრამ გავიცანი ერთი ბირმელი კაცი. ვაჯრაიანას სკოლის, (თუ როგორცაა) მასწავლებელი, კანფეტი ადამიანი.
რაღაცებს მიხსნიდა რელიგიაზე და რომ მიხვდა, რომ ჩემი ტვინი პლასტიური არაა და დაკაკუნება სჭირდება, მომიყვა ერთი ძალიან მაგარი ამბავი, რაც, ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ.
ამ კაცის დიდი ბაბუა მიანმარში ცხოვრობდა თურმე. ჩვენი საოჯახო ტრადიცია ბუდიზმი არასოდეს ყოფილა, ისლამს მივდევდითო.
ეს კაცი ყოფილა სპილოს მწვრთნელი, თუ მძღოლი თუ რაღაც ეგეთი. როცა იაპონელები ქვეყანაში შევარდნენ და გაჟლიტეს ბირმელები (განსაკუთრებით მუსლიმები და ქრისტიანები), დიდი ბაბუა სასწაულებრივად გადარჩენილა და გადარჩენილა იმიტომ, რომ სპილო, ეს უძლიერესი ცხოველი, ემორჩილება ერთ ადამიანს, ერთ პატრონს, იაპონელებს კი, ხიდებისა და გზების ასაშენებლად, მძიმე ტექნიკის სათრევად სწორედ სპილოები სჭირდებოდათო. ამიტომ, ყველა ბირმელი, ვინც სპილოს მწვრთნელი იყო, დაინდეს და სიცოცხლე შეუნარჩუნესო.
და მეუბნება ეს ბირმელი გურუ: აი, ხომ ასეთი ძალაუფლება ჰქონდა იაპონიის ჯარს და მაინც, ის ვერაფერს გახდებოდა ერთ სპილოსთან, თუ პატრონს მოუკლავდაო და ეს პატრონიც, ვინც შიმშილისა და გაჭირვების მიუხედავად, სოფლიდან არ გაქცეულა სპილოსთან ერთად, სწორედ მოშინაურებულმა ცხოველმა გადაარჩინაო.
უდიდესი ძალის შემაკავებელი ხშირად ერთი სპილოა, რომელსაც შეიძლება მართავდეს ჩია ბირმელი, ვინც ამ უდიდესი (ბოროტი) ძალის წარმოდგენაზეც კი ქვეშ ისვრიდაო.
გურამ მეგრელიშვილი