ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი აშენდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თბილისში სტუდენტური საცხოვრებელი ააშენდება.
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის ესკიზები უკვე მზად არის. კომპლექსი 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ერთი ადმინისტრაციული შენობისაგან შედგება და სამასზე მეტი სტუდენტისთვის არის განკუთვნილი. საცხოვრებელი კორპუსები აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სერვისით.
სტუდენტურ საცხოვრებელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია მათ განსაკუთრებულ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის ოთახები; ასევე ყველა შენობა აღჭურვილი იქნება პანდუსებით. კომპლექსის ადმინისტრაციულ ნაგებობაში განთავსებული იქნება ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტები. კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანსაც. თბილისში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პროექტის შესახებ პრემიერმა პირველად მარტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. საცხოვრებლით სარგებლობას რეგიონიდან ჩამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები შეძლებენ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთაც სწავლის პერიოდში საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ. საპროექტო სამუშაოების საბოლოო ვერსია პირველი ოქტომბრისთვის დამტკიცდება, რის შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი სამშენებლო კომპანიას შეარჩევს და საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება.