დიდი ოდენობით მწერის და ტარაკანის აღმოჩენის გამო, სურსათის სააგენტომ ობიექტები დახურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო მცხეთასა და ბათუმში მდებარე სურსათის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ცნობით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შპს “რეზო და კომპანიას”, რომელიც მზა კერძების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული, საწარმოში 5 კრიტიკულ შეუსაბამობასთან ერთად 20 არაკრიტიკული დარღვევა აღმოაჩნდა.
კერძოდ: საწარმოში არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში დამუშავებისა და შენახვის პირობები; შენობა არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით; ინსპექტირების დროს აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მწერი და ტარაკანი; მზა სურსათის ღია წარმოების პროცესში ადგილი აქვს კონდენსატების დაგროვებას. გარდა ჩამოთვლილი კრიტიკული დარღვევებისა, სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.
კერძოდ, შენობა არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები და წესები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლვის ოქმები და ა.შ. მცხეთაში მდებარე სახინკლე ი.მ “ანგელინა პაპიაშვილმა” ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა – ფორმა N2, რის გამოც აღნიშნულ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ჩამოთვლილი დარღვევების გამო ორივე ბიზნესოპერატორი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს საწარმოო პროცესი აღუდგება.