„თითოეული სათამაშო ჩემთვის განსაკუთრებული და ძვირფასია“ – თვითნასწავლი ხელოვანი, მეუღლის  საყვარელი პინგვინი და პორტრეტული თოჯინები შეყვარებულებისთვის

ცხოვრობს დედოფლისწყაროში. პროფესიით კვების პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლიორია, თუმცა ამ განხრით არასოდეს უმუშავია. სათამაშოების ქსოვა პანდემიის დროს დაიწყო.  პირველი სათამაშო შვილს მოუქსოვა. შემდეგ გვერდიც შექმნა. ამბობს, რომ თითოეული სათამაშო მისთვის განსაკუთრებული და ძვირფასია, მათში მთელ ემოციას დებს, სათამაშოები კი უსაფრთხოა.
წელს პირველად მიიღო მონაწილეობა თბილისურ ბაზარზე,  აპირებს, უფრო ხშირად მიიღოს  მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, რომ მომხმარებელთან უშუალო კავშირი არ გაწყვიტოს, მათი სტიმულით კი უფრო მეტი შექმნას.მარიამი ქისტაურის პერსონა.

– ბავშვობა, ოჯახი, სკოლის პერიოდი…  ალბათ გიყვარდათ ხელოვნება, ხატვა…
– დავიბადე თბილისში, სკოლის დასრულების შემდეგ ჩავირიცხე კოლეჯში.  ვარ კვების პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლიორი,  თუმცა, სამწუხაროდ, ამ განხრით არასოდეს მიმუშავია. სკოლაში განსაკუთრებულად მიყვარდა შრომის გაკვეთილი, ყველაფერი გამომდიოდა: ქარგვა, ქსოვა, კერვა…  ყაისნაღი ჩემი განუყრელი მეგზური გახდა.
– როდის დაიწყეთ  სათამაშოების  ქსოვა? პირველი ნაქსოვები…
– სათამაშოების ქსოვა პანდემიის დროს დავიწყე, მაშინ  ფარდაგების ქსოვაზე, გობელენზე  ჩვენს რაიონში დავდიოდი.  პანდემიამ ყველა სახლში ჩაკეტა. გონებაში ისედაც სულ მქონდა სათამაშოების ქსოვის სურვილი, ვგრძნობდი, რომ  ამ საქმეში  ბედნიერი ვიქნებოდი. უბრალოდ პანდემიამ  ეს პროცესი დააჩქარა. ჩემი პირველი სათამაშო ჩემს გოგოს მოვუქსოვე – ბაჭია.
–  რატომ ჰქვია გვერდს: „EкLa’ს სათამაშოები“?
– „ეკლა“  შეიქმნა ჩემი შვილების სახელების ინსპირაციით. ბევრი არც მიფიქრია, უცებ გადავწყვიტე დარქმევა.
– თქვენი სათამაშოები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა… როგორ იქმნება სათამაშო (ძაფების შერჩევიდან დაწყებული)?
– რადგან რეგიონში ვცხოვრობ,  ძაფების მარაგი ყოველთვის შევსებული მაქვს, რომ შეკვეთის მისაღებად მზად ვიყო. სათამაშოს შექმნის პროცესს ყოველთვის ვაზიარებ მომხმარებელთან. სათამაშო უმეტესად მზადდება დამკვეთის ფერის, კაბის, თმის არჩევით.
– ბაჭია, დათუნა, მელია, ფუმფულა პონები, ქოჩორა მაიმუნები… და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ვერ გამოვარჩევ, თითოეული ჩემთვის განსაკუთრებული და ძვირფასია. მთელ ემოციას ვდებ მათში, ამიტომ ჩემი სათამაშოები ჩემი აურის მატარებლები არიან, ძალიან მიხარია, რომ პატარები მოწონებას და ინტერესს გამოხატავენ, ამით ისეთი სტიმული მეძლევა, რომ უფრო მეტი და მეტი შევქმნა…
– როგორი უნდა იყოს საბავშვო სათამაშო?
– პირველ  ყოვლისა,  უსაფრთხო.  სათამაშოს  55 პროცენტი ბამბის  ძაფისგან შედგება, ანტიალერგიული სინტიფონის შიგთავსით, თვალებიც უსაფრთხო სამაგრით არის დამზადებული, თუმცა კიდევ ვადნობ, რომ 100 პროცენტით  უსაფრთხო გახდეს და ბავშვმა ვერ შეძლოს მისი მოძრობა.
– ავოკადოს დასაკიდებელი სამკაულები, ე.წ. ბრელოკები… სიყვარულის გულები… საახალწლო ნაძვის ხეები…  თოჯინები… კიდევ რას ქსოვთ?
– ბოლო პერიოდში დავიწყე „ბრელოკების“ მოქსოვა, მაქვს  ბაყაყის, ფუტკრის და ჩიტების დასაკიდებელი სამკაულები, ფასი მისაღებია და მოთხოვნაც დიდია.
ბოლო რამდენიმე შეკვეთა ბიჭებისგან შემოვიდა, შეყვარებულებისთვის პორტრეტული თოჯინის შექმნა მთხოვეს, გამომიგზავნეს ფოტოები. ამის მიხედვით დამზადდა სასურველი თოჯინები. მაბედნიერებს, როცა ასეთ საქმეს მანდობენ.
– ამბობთ, რომ უსაფრთხოა თქვენი სათამაშოები…
– მასალა, როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოა. ჩვილებისთვის შექმნილ ჟღარუნებს ხის საკიდი აქვთ, რაც ღრძილების ქავილის დროს ეხმარება პატარას. რაც მთავარია,  სრულიად უსაფრთხოა.
–  ვენსდეი, პიკაჩუ… კიდევ რომელი პერსონაჟები შექმენით?
– კიდევ რამდენიმე ცალი ვინი პუჰი და გრინჩი შეიქმნა. სია დიდია, წელს რის მოქსოვასაც ვაპირებ, ესენია: რკინის კაცი, ადამიანი ობობა, პეპი გრძელიწინდა, მინიონები…
–  სამი შვილი გყავთ. ალბათ თქვენი შვილებისთვისაც ბევრჯერ მოგიქსოვიათ… როგორ მოსწონს თქვენს ოჯახს, მეუღლეს  თქვენი ხელოვნება?
– უამრავი სათამაშო აქვთ არა მხოლოდ ჩემს შვილებს, ჩემს დისშვილებსაც.  რომელსაც დაინახავენ,  თითქმის ყველა სათამაშო უნდათ. ჩემი მეუღლის  საყვარელი პინგვინი წლების წინ მოვქსოვე, ასევე  აქვს რამდენიმე ბრელოკი, ზოგი მანქანაში უკიდია, ყოველთვის ვანახვებ დასრულებულ სათამაშოს და ვეკითხები აზრს.
– ჰობი…
– ჩემი კიდევ ერთი ჰობი – ფარდაგების ქსოვაა, ძალიან მიყვარს ეს საქმე, როდესაც ამ ტრადიციას ვაგრძელებ ჩემი მოკრძალებული ცოდნით, უსაზღვრო ემოციით ვივსები.
– უმთავრესად რაზეა მოთხოვნა და რამდენად ფასდება თქვენი შრომა?
– ყველა თავისებურად აფასებს თავის შრომას, ჩემთვის პირადად კმაყოფილი დამკვეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსები, თუმცა ჩემს შრომასაც აქვს ფასი, რომელსაც არ გავაუფასურებ.
ძირითადი მოთხოვნა ჩემს გვერდზე თოჯინებზეა. მაქვს ერთი თოჯინა, რომელიც სხვადასხვა თმის ფერით, სტილით და ფერებით შეიქმნა.  რომლის ყველა დეტალის შექმნაში მომხმარებელი მონაწილეობს. ასეთი თოჯინა ათობით მოვქსოვე.
– სამომავლო გეგმები…
– წელს პირველად მივიღე მონაწილეობა თბილისურ ბაზარზე, ვაპირებ უფრო ხშირ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში, რომ მომხმარებელთან უშუალო კავშირი მქონდეს, მივიღო მათი ემოციები, შეგრძნებები, თბილი სიტყვები, აღფრთოვანებული სახეები და ამით უსაზღვრო ემოციებით და სტიმულით შევქმნა უფრო მეტი, ვიდრე დღესდღეობით მაქვს.

                                                                                                                 

                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები