დავით ლეჟავა ინვესტორთა კონფერენციას დაესწრო

   მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ (Galt&Taggart) მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა პირველ კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენციის მიზანია, ერთმანეთს შეახვედროს არსებული და პოტენციური ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ ან უკვე განიხილავენ ინვესტიციების დაბანდებას ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. კონფერენციის გახსნის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და მოკლედ ისაუბრა შიდა ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს აინტერესებთ ჩვენი სამომავლო გეგმები. მეტი ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობის ზრდას ქვეყანაში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნული კონფერენცია ტარდება არა მთავრობის, არამედ კერძო სექტორის ორგანიზებით. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს მთავრობის, ბიზნესისა და მოქალაქეების საერთო ინტერესშია,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ. კონფერენციას დაესწრო 40-მდე უცხოელი ინვესტორი, მათ შორის, ინვესტორები, რომლებმაც საქართველოსა და აზერბაიჯანში ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. დღესვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ინვესტორებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები