ამერიკის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ მყინვარწვერზე ალპინიადა მოეწყობა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ამერიკის მეგობართა კლუბის, ამერიკის საელჩოს და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 11 სექტემბრის ამერიკის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იგეგმება ალპინიადა ზღვის დონიდან 5048 მეტრზე მდებარე მწვერვალ – მყინვარწვერზე. სამინისტროს ცნობით, ამერიკის მეგობართა კლუბი, ქართულ – ამერიკული მეგობრობის ფარგლებში გეგმავს, ორგანიზება გაუკეთოს ხსენებული ტრაგედიის მეცამეტე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის რამდენიმე პროფესიონალ მთამსვლელთან ერთად, გაემგზავრება მყინვარწვერზე. მყინვარწვერამდე ლაშქრობის მარშრუტი მიეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ამერიკის მეგობართა კლუბის და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები მყინვარწვერზე აიტანენ დროშას „9-11 Flag of Heroes“, რომელზეც დატანილია ტერაქტის დროს დაღუპული ყველა ადამიანის სახელი და გვარი. მსგავსი აქციით, ორგანიზატორები გამოხატავენ ქართველი ხალხის თანადგომას ამერიკის შეერთებული შტატების და იმ ამერიკელი ოჯახების მიმართ, ვინც დაკარგა ახლობლები.
მყინვარწვერზე გამგზავრება 4 სექტემბერს იგეგმება. მყინვარწვერიდან ჩამოსვლის შემდეგ, 11 სექტემბერს, 15:00 საათზე სასტუმრო „ციტადინში” გაიმართება ოფიციალური მიღება, სადაც მიწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს ფოსტა, კომპანია ვორდ მედიცინი, დ. ტატიშვილის სამედიცინო კლინიკა, ტელეკომპანია რუსთავი 2 და მაესტრო, კომპანია ავერსი, კომპანია თელავის ღვინის მარანი. სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლის 11 სექტემბრიდან ამერიკის მეგობართა კლუბი, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ანხორციელებს ანტიტერორისტულ პროექტს „თავისუფლების ხე”. ღონისძიება ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ -ში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას, რომელმაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ამ პროექტის მეშვეობით ქართველ ხალხთან ერთად თანადგომის ნიშნად, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს და ვგმომბთ ამ შემზარავ ტერორისტულ აქტს. მსგავსი ღონისძიების საქართველოში განხორციელება გააძლიერებს და გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრულ ურთიერთობების გამყარებას“, – აცხადებენ სამინისტროში.
დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. მედიასთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – აკაკი ლოდიამ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა – ილია ზუკაკიშვილმა, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა – მირზა ლიპარტელიანმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ზაალ სარაჯიშვილმა ისაუბრეს.