„თექაზე მუშაობა დიდ შრომას და დროს მოითხოვს… თუ არ გიყვარს, არც გამოგივა“ – ხელოვანი სიღნაღიდან, ფერებთან თამაში და იტალიელი მოხუცისთვის გაგზავნილი თბილი ჩუსტები

ვანე ჯავახიშვიის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახვითი ხელოვნების და დიზაინის სპეციალობით დაამთავრა. მეორადი პროფესია კი ბიზნესადმინისტრირებაა. ერთხანს ბანკშიც მუშაობდა.
თექაზე მუშაობით რამდენიმე წელია დაინტერესდა, თუმცა აქტიურად 2 წელია მუშაობს. თექა თავისით ისწავლა.  ამბობს, რომ თექაზე მუშაობა დიდ შრომას და დროს მოითხოვს. თუ არ გიყვარს, არც გამოგივაო. – მხატვარდიზაინერ  სოფო ყატაშვილის პერსონა.

სიღნაღის რაიონში დაიბადეთ… გაიხსენეთ ოჯახი, ბავშვობა…  
– საინტერესო ბავშვობა მქონდა. უამრავი ბავშვი იყო ჩემ გარშემო და დილიდან საღამომდე დროს სულ თამაშში ვატარებდი. ბავშვობიდან მოდის ბევრი რამ მახსოვს, ჩემი ხელით ვქმნიდი სათამაშოებს, თოჯინებს. თიხის სახლი ავუშენე, ვძერწავდი ავეჯს. ოთახის დიზაინს ვაწყობდი, ვაფორმებდი მინიატიურული დეკორაციებით, რომელსაც ჩემი ხელით ვამზადებდი. ყოველი დღე სულ ახალ-ახალი იდეებით იწყებოდა, სახლებს ხან მიწაზე ვაშენებდით, ხან – ხეებზე.  ჩემი ძმა მეხმარებოდა.
დედაც ხატავდა (სხვათა შორის, ჩემ გვერდზეც დევს დედის მიერ დამზადებული თექის ჩუსტები). დღესაც მახსოვს ის შთაბეჭდილება, როდესაც მის მიერ აკვარელში შესრულებული ზამთრის პეიზაჟი ვნახე და საღებავის ბევრი პატარა „ტუბიკი“. რა თქმა უნდა, საღებავები მაშინვე გამოვიყენე და ყველაფერი გავაფუჭე.
–   პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი არ მახსოვს, თუმცა თუკი ხელში კალამი ან ფანქარი მეჭირა, ყოველთვის ვხატავდი.  მახსოვს, ჩანთაში სულ მქონდა ტილო, რადგან დღის ბოლოს ის მერხი უნდა გამესუფთავებინა, სადაც  გაკვეთილების დროსაც კი ვხატავდი. დაწყებით კლასში მახსოვს, მასწავლებელმა დაგვავალა, დაგვეხატა და  საკლასო ოთახში გამოგვეკრა საუკეთესო ნამუშევრები. ბულბული დავხატე ვარდის ტოტზე, ნამდვილი მხატვარი მეგონა თავი. სკოლის პერიოდში ვცადე ბუმბულებით ხატვაც, დილის გადაცემაში ვნახე და ძალიან დამაინტერესა.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდით, ძირითადი სპეციალობა  სახვითი ხელოვნება და დიზაინი (ტანსაცმლის) იყო, მეორადი კი – ბიზნესადმინისტრირება…
–  ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყო სტუდენტობიდან. უცებ გავიზარდე, ჩემთვის სხვა სამყარო გადაიშალა, იქ მოვხვდი, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი. ჩემნაირი ადამიანები გავიცანი, ერთნაირი ინტერესებით.
რაც შეეხება მეორად სპეციალობას: დედას უნდოდა, სხვა სპეციალობა ამერჩია, ზოგადად, უამრავი რამ მაინტერესებს და ავირჩიე ბიზნესი. არც დედას ვაწყენინე.
თექაზე მუშაობით რამდენიმე წელია დაინტერესდით, თუმცა აქტიურად 2 წელია აკეთებთ ნამუშევრებს. თექა ჩემით ვისწავლეო, ამბობთ… რატომ თექა? რამ მიგიზიდათ?
–  მანამდე სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი,  აქტიურად მემუშავა თექაზე და ასევე სამსახურის გამოც ვეღარ მოვახერხე, მეხატა. ნელ-ნელა გავუშვი ხელი ფუნჯს და საღებავებს. ვფიქრობ, ადამიანმა მიზანს არაფრის, თუნდაც ფინანსური კეთილდღეობის, გამო არ უნდა გადაუხვიოს. როდესაც სამსახურმა მთელი დრო წამართვა და ვეღარ დაიჩრდილა ის ყველაფერი, რაც მიყვარდა და ასე ძალიან მქონდა სულსა და გულში გამჯდარი, მივხვდი, რომ უნდა დამეწყო რაღაც, ჩავრთულიყავი შემოქმედებით პროცესში.
ჩემს სოფელში ბევრი მუშაობს თექაზე, მათ შორის – ჩემი რძალი,  ერთხელ ვუყურე და გამიტაცა. მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია და დამაინტერესა, შევიძინე მატყლი, რაც უფრო ბევრ ფერს ვყიდულობდი, უფრო და უფრო ვივსებოდი სიხარულით  და დავიწყე… რაც უფრო მეტს ვაკეთებდი, უფრო და უფრო  აღტაცება მიპყრობდა, თექამაც მომცა ფერწერის შესაძლებლობა: ტონალობების, გრადაციის… და მომეწონა.
– თქვენს გვერდზე: თექა. ხელნაკეთი აქსესუარები  ლამაზ ფერებში შესრულებული უამრავი საინტერესო ხელნაკეთი ნამუშევარია…
– მუშაობის პროცესში მოდის იდეები. ხდება ისეც, რომ ჯერ იდეა ჩნდება და მერე ვმუშაობ, თუმცა, რაც უფრო ბევრს ვაკეთებ, უფრო მეტი იდეა მოდის, იხვეწება.
– შთაგონება… და რა გაძლევთ შთაგონებას?
შთაგონება შეიძლება მზის ლამაზმა ჩასვლამ და ფერების ციალმა, ბუნებაში სეირნობამ, ვან გოგის ნახატების თვალიერებამ გამოიწვიოს, ანდა, უბრალოდ, დილით გაიღვიძო და ძლიერი სურვილი გქონდეს, შექმნა და ითამაშო ფერებით.
– ქიზიყისთვის დამახასიათებელი ფერთა კოლორიტი ნამუშევრებზეც აისახება…
– ძალიან მიყვარს ბუნება, მცენარეები. ჩემთან, სოფელში, ბევრი დაუსახლებელი ტერიტორიაა, მინდვრები, გორები, სოფელი მაღარო მაღალმთიანია და უამრავი მინდვრის ყვავილია. რა სილამაზეა, რომ იცოდეთ!
მიყვარს ეზოს ყვავილებიც, თუმცა  ჩემში აღტაცებას  მინდვრის ველურად ამოსული ყვავილები იწვევს და ეს ფერები, ასე ნაზად შეხამებული, ჩემს გონებაში ყოველთვის ტრიალებს და ნამუშევრებშიც აღიბეჭდება.
– თექით შექმნილი ფეხსაცმელი თბილი და ლამაზია. დიდ შრომას და სიყვარულს მოითხოვს…
– თექაზე მუშაობა დიდ შრომას და დროს მოითხოვს. თუ არ გიყვარს, არ გამოგივა, არ იქნება ლამაზი. პირველ რიგში ხარისხზე ვიწყებ ზრუნვას. დიდხანს უნდა თელო, რომ მყარი გამოვიდეს.
ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც ფერების დადებაა. ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. თუ შეკვეთაზე ვმუშაობ, ვითვალისწინებ დამკვეთის გემოვნებას. ისეც მომხდარა, ძალიან კარგი იდეა მოუწოდებიათ, გამიკეთებია და აღფრთოვანებულან.
 თოჯინები, ფერიები, მეცხვარე ბიჭები, სააღდგომო კვერცხები კალათით… როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ნამუშევარი მიმზიდველი და სხვებისგანაც გამორჩეული იყოს?
– ჩემი ხედვა და გემოვნება მაქვს. მიყვარს, რასაც ვაკეთებ და, რა თქმა უნდა, ჩემი ნამუშევრებიც ჩემს აურას, იდეას ატარებენ და ჩემები არიან.
–  ყველაზე მეტად რომელ ნამუშევარზეა მოთხოვნა?
– ყველაზე მეტად ჩუსტებსა და უგებზე, თუმცა ამ ბოლო დროს თმის სამაგრებს და გულსაბნევებზეც გაიზარდა მოთხოვნა.
– ზოგ ნამუშევარს საინტერესო ამბავიც დაებედება ხოლმე…
– ქალბატონი დამიკავშირდა იტალიიდან, საახალწლო თემატიკით, იტალიელი პაპისთვის თბილი ჩუსტები მინდაო. ერთად განვიხილეთ, რა შეიძლება დაგვეხატა (მანამდე მხოლოდ ყვავილებს ვაკეთებდი), და პირველად მას დავუქარგე ჩუსტებზე სანტა კლაუსი. ძალიან მოსწონებია საჩუქარი. ფოტოც გამომიგზავნა…
– ჰობი…
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიყვარს მცენარეები და ბუნება, ბევრად უფრო ლაღად ვგრძნობ თავს ეზოში თოხით  და ბარით ხელში ჩემს მცენარეებთან, ვიდრე სამზარეულოში – წინსაფრით ტრიალისას, თუმცა ეს უკანასკნელიც ურიგოდ არ გამომდის…
– ოჯახი…
– დიდი ოჯახი გვაქვს, მყავს მეუღლე და ორი შვილი: ქალ-ვაჟი. სხვათა შორის, ჩემს გოგონასაც ძალიან კარგად გამოსდის ხატვა, მაგრამ მის გემოვნებაში არ ვერევი, არ ვასწავლი, ჯერ სულ პატარაა.  ორივეს სურს, ჩემ გვერდით იყვნენ და მოთელონ, და ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებენ, სასწაულია ბავშვის მიერ დანახული და შექმნილი.
როდესაც ვეკითხები, რა გააკეთეს და რატომ, მთელი სერიოზულობით მიხსნიან.
საინტერესოა მათი მოსმენა და მათი შემოქმედებითი პროცესის თვალთვალი… აკეთებენ ფიგურებს, ცხოველებს და ყვავილებს…
ამ ეტაპზე ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები არიან, აუცილებლად ვკითხავ  მეუღლეს, როგორ მოეწონა ჩემი ნამუშევარი… ხშირად მაქებს და მიზიარებს თავის ხედვებს, მას ხელოვნების აღქმის ძალიან კარგი, თავისებური უნარი აქვს.
მეუბნება, რომ ის უნდა ვაკეთო, რაც მომწონს, და რომ ძალიან ბევრი შემიძლია. დიდ ძალას მაძლევს  და ყველა წამოწყებაში გვერდში მიდგას. ჩემი დედამთილიც ძალიან მეხმარება. ოჯახი დიდი ძალაა, სადაც ენერგიით ივსები…
– გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ძალიან მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო,  სადაც ისეთი გარემო იქნება, რომ მუშაობას თავს ვერ ვანებებდე, არ ვგულისხმობ მხოლოდ თექას. მინდა იყოს ფუნჯებიც, საღებავებიც, მოლბერტიც და ტილოებიც. ნათელი ოთახი საიდანაც ულამაზესი ხედები და სიმწვანე გამოჩნდება. მინდა მქონდეს ყველა ხელოვანის საოცნებო  მყუდრო და სასიამოვნო სახელოსნო, სადაც მუშაობის შემდეგ დაღლილი ჩამოვჯდები და სასიამოვნო ფიქრებს მივეცემი.
თუ  სახელოსნო მექნება, რასაკვირველია, იქნება გამოფენებიც…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები