აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო ნახიჩევანელ ბავშვებს უმასპინძლებენ
აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო ნახიჩევანიდან ბათუმში მყოფ ბავშვებს დღეს, 15:00 საათზე, უმასპინძლებენ. მთავრობისა და საკონსულოს წარმომადგენლები ბავშვებთან ერთად ზღვაში გემით გაისეირნებენ, მოგვიანებით კაფე „ცეროდენაში“ მიიწვევენ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 აზერბაიჯანელი ბავშვი ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს 22 აგვისტოდან გადის. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით. უტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პარალელურად მონაწილეობენ კულტურულ–საგანმანათლებლო და გასართობ პროექტებში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ დელფინარიუმში და ბოტანიკურ ბაღში, მოზარდებს ბათუმის მერმაც უმასპინძლა. აჭარის მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.
აზერბაიჯანელი ბავშვები ბათუმს 6 სექტემბერს დატოვებენ. სამშობლოში, 5 სექტემბერს დაბრუნდებიან ნახიჩევანში მყოფი ბრონქული ასთმით დაავადებული ქართველი ბაშვები, რომლებიც ნახიჩევანში 2 კვირაზე მეტია სანატორიულ –კურორტულ მკურნალობას გადიან.