გურამ მეგრელიშვილი – „ირისის ეფექტი“
რამდენიმე დღის წინ “კარფურში” რუსული წარმოების „ირისი“ დავინახე და ეგრევე ბავშვობა გამახსენდა, სპეციფიკური გემოს კანფეტი და ათასი მოგონებაც. ვიყიდე და ბავშვებს წავუღე, მათ დიდად არ მოეწონათ.
მერე ვფიქრობდი ამაზე, „ირისის“ კანფეტსა და ჩემს უცნაურ შეგრძნებებზე, როცა ტკბილეულის დანახვამ ის მულტფილმებიც კი გამახსენა, 4 წლის ასაკში რომ ვუყურებდი.
გამახსენდა რუდოლფ ჰესის ამბავიც, რაც სიმპტომურად და მაგრად ასახავს განსხვავებას მონობაში დაბადებული ადამიანსა და თავისუფლებაში დაბადებულის შორის.
მოკლედ, ეს თეორია თეორიაა და აქსიომა ვერ იქნება, მაგრამ მსურს, გაგიზიაროთ:
ალბათ, ბევრი არავინ მოიძებნებოდა ნაცისტურ გერმანიაში რუდოლფ ჰესზე უფრო ფაშისტი, ასეთი კაცი თავად ჰიტლერი თუ იქნებოდა მხოლოდ. ვერავინ დასწამებს ამ კაცს იდეოლოგიურ აცდენას ნაციზმთან (თანაავტორია „მაინ კამპისა“ და არც სხვაზე ნაკლებად მიაჩნდა საკუთარი რასა დომინანტური).
მართალია, 1941-ში ამერიკის პრეზიდენტმა მეკავშირეებისა და ჩინეთისთვის რამდენიმე მილიარდიანი Land Lease მოაწერა ხელი, აპრილში აფრიკის ფრონტზე ნაცისტურმა ძალებმა მაგრად ჩაისვარეს, მაგრამ გერმანიას ჯერ ომი არ გამოუცხადებია საბჭოთა კავშირისთვის, ანუ ყველაფერი უბედურად ჯერაც არა იყო (თუმცა, ვფიქრობ, ჰესმა იცოდა, რომ 1 თვეში „ბარბაროსა“ ამოქმედდებოდა).
ჰესი 10 მაისს მარტო გადაფრინდა კუნძულზე, სადაც ის შოტლანდიის თავზე ჩამოაგდეს და სიცოცხლის ბოლომდე ტყვეობაში ცხოვრობდა.
ესაა სრულიად ამოუხსნელი შეკითხვა ისტორიაში, თუ რატომ გადაფრინდა მეორე ნაცისტი მტრის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ფაშისტურ რეჟიმს ჯერაც აღმავლობის ხანა ედგა. რატომ მოინდომა ფიურერის დაუკითხავად ეცადა, ზავი დაედო ბრიტანეთის მთავრობასთან და რატომ ჩათვალა, რომ მის „ხელისგაწვდენას“ სიხარულით შეხვდებოდნენ?
პირდაპირი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ჩემი ვერსია „ირისის“ კანფეტშია. კერძოდ, რუდოლფ ჰესი ბრიტანეთის კოლონიაში, ალექსანდრიაში დაიბადა. მან ბავშვობა გაატარა ქვეყანაში, სადაც დამპყრობელი „კეთილი ძმა“ და თანამოაზრე იყო. კრიტიკულ მომენტში მან ჩათვალა, რომ თუ ვინმესთან საერთო ენის გამონახვა შეიძლებოდა, ისევ რასობრივად ყველაზე ახლოს მდგომ ბრიტანელებთან (სიმპტომურია, რომ ის და მერე მისი გავლენით ბევრი ფაშისტი თვლიდა, რომ ბრიტანელების დანდობა ამ ნიშნით შეიძლება, რადგან ისინი „მთლად ცუდები” არ არიან, მეტიც, გეგმაც კი ჰქონდათ, როგორ ემართათ კუნძული ბრიტანელებითვე, სადაც საკვანძო თანამდებობებს ნაცისტების ხელდასხმული ადამიანები დაიკავებდნენ).
ჰესს ცდა გაუცუდდა, მისი ფიქრი, რომ „კარგად იცნობდა“ იმპერიალისტი ბრიტანეთის ხელისუფლებას, არ გამართლდა. ციხეში ჩასვეს და სიბერეში მაინც თავი მოიკლა.
დარწმუნებული ვარ, გერმანიაში დაბადებული ჰესი სხვანაირად მოიქცეოდა, რადგან ეს მომენტი, „ირისის კანფეტის“ მომენტი თავისას აკეთებს და რაღაც მომენტში, ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს.
სწორედ ესაა მოსეს 40 წლიანი ხეტიალის იგავის პასუხიც.
და პასუხიც შეკითხვაზე: – „ორი საფრთხის“ პირობებში (მთავარია, ეს 2 საფრთხის ეფექტი სულ იყოს), რატომ ვენდობით „ერთმორწმუნე“ ძმას.
გურამ მეგრელიშვილი