მაია ბითაძე კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს, ელისაბედ მესუდს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მუნიციპალიტეტებისადმი დახმარებას და მათი შესაძლებლობების ზრდას დაცული ლანდშაფტების განვითარებისა და მართვის კუთხით, მათ შორის, რეინჯერების დახმარებას და მხარდაჭერას, ასევე დიდ ქალაქებში მწვანე რეკრეაციული სივრცეების განვითარებას და ამ კუთხით დიდი ქალაქებისათვის CNF-ის შესაძლო მხარდაჭერას.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კომიტეტისა და კავკასიის ბუნების ფონდის სამომავლო თანამშრომლობაზე და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში ფონდის ახალ გეგმებზე.
ხაზი გაესვა ახალი დაცული ტერიტორიების, კერძოდ კი, დაცული ლანდშაფტების შექმნის მნიშვნელობას, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი განსაკუთრებულია. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ფონდი შესაძლებლობების გაძლიერებაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, სადაც დაცული ტერიტორიებია შექმნილი, საუბარია დაცულ ლანდშაფტებზე. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ქალაქებში გამწვანებული ტერიტორიების მნიშვნელობასა და იმ პერსპექტივაზე, რაც მუნიციპალიტეტებს პარკებისა და გამწვანებული ტერიტორიების განვითარების კუთხით ფონდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის შემდეგ.