კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება
კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კურორტს შიდა და უცხოელი ვიზიტორები აქტიურად სტუმრობენ.
“მხოლოდ მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე, დეკემბერი-იანვრის მონაცემებით, კურორტს 4,000 -მდე ვიზიტორი სტუმრობდა, 2025 წელს, კი კურორტმა 25,000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 18,56%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ის განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და გაუკვალავში თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება. კურორტზე განთავსებულია რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, თხილამურების, ბურანების გასაქირავებელი ობიექტები და პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი, მოწყობილია მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტი გოდერძი, რომელიც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა.
კურორტს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტები. განვითარების პარალელურად, კურორტი არაერთი პოპულარული მედია გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destinations-ის მიერ დასახელდა კიდეც ევროპის საუკეთესო სათხილამურო უხვთოვლიან მიმართულებად. წელს, კი კურორტის ულამაზესი ფოტო ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის ,,Wired for adventure” გარეკანზე მოხვდა”,- წერია ინფორმაციაში.