ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი: კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი წყვეტს ქუთაისის უნივერსიტეტთან სტრატეგიულ პარტნიორობას
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) წყვეტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) სტრატეგიულ პარტნიორობას.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი გადაუმოწმებელი და არაზუსტი შინაარსის სტატიები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კატეგორიულად უარყოფს პლატფორმა tiflis24.substack.com-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) წყვეტს KIU-თან სტრატეგიულ პარტნიორობას. მსგავსი გადაუმოწმებელი და არაზუსტი შინაარსის სტატიები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას და ამასთანავე, KIU-ს და TUM-ის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას.
სტატიაში მოყვანილი ცრუ ინფორმაცია, რომელიც თითქოს KIU-ს პრორექტორ, პროფესორ პაატა ტურავას მიერ არის გავრცელებული, წარმოადგენს აბსოლუტურ დეზინფორმაციას, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ანონიმურ და არასარწმუნო წყაროებს და მას საერთო არაფერი აქვს რეალურ ფაქტებთან.
ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) რჩება KIU-ს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ კვლავაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აკადემიური ხარისხის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ამ ინსტიტუციური კავშირის სიმტკიცისა და უწყვეტობის გარანტიაა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რომელიც აგრძელებს მოღვაწეობას KIU-ს საპატიო პრეზიდენტის პოზიციაზე. ჩვენი პარტნიორობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. უახლოეს ხანში იგეგმება KIU-ს დელეგაციის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი TUM-ში, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი პროექტების ერთობლივ ინიცირებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ევროპელი პარტნიორების უშუალო კურირებითა და მკაცრი სტანდარტების დაცვით. ჩვენი სასწავლო სილაბუსები სრულად ეფუძნება ევროპულ სამეცნიერო სტანდარტებს.
TUM-ის გარდა, KIU წარმატებით თანამშრომლობს როგორც გერმანიის, ისე სხვა ქვეყნების წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმებული საერთაშორისო აკადემიური პერსონალის რაოდენობა მუდმივად მზარდია. უნივერსიტეტის უმთავრეს მისიად კვლავ რჩება საქართველოში ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა და დამკვიდრება.
KIU-სთვის კვლავ მნიშვნელოვანია სტუდენტების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და მათთვის უმაღლესი სტანდარტის, ევროპული უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
KIU ზრუნავს სტუდენტთა პროფესიულ ზრდასა და აკადემიურ განვითარებაზე, რასაც მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფს.
ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატება გლობალურ ასპარეზზე – მათი სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და მათი დასაქმება საერთაშორისო გიგანტ კომპანიებში – არის იმ მაღალი ხარისხის დასტური, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.