“ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია; გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ” – ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

“რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე – ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.

ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი შვილი, ბესარიონ ჟვანია ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული.

„ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი – დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე – ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

პროკურატურამ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

უწყების ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

“ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც თავის ნაცნობებს – ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ – ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები