ერდოღანი: ევროპას თურქეთის გარეშე ძლიერი უსაფრთხოების სისტემის შექმნა არ შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და დადგა დრო, რომ ის არსებულ ევროპულ თავდაცვის მექანიზმებში ჩართონ.

„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვხსნიდით, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან დადებით წვლილს შეიტანს ევროკავშირში. დადგა დრო, თურქეთი ჩავრთოთ არსებულ ევროპულ თავდაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებში. უნდა ვაღიაროთ, რომ მიდგომები, რომლებიც გამორიცხავს თურქეთს და უგულებელყოფს გლობალურ რეალობებს, სრულიად ალოგიკურია. რაც შეეხება ევროპაში ახალი თავდაცვის არქიტექტურის შექმნას, თუ ასეთი განზრახვები არსებობს, აშკარაა, რომ ეს არქიტექტურა არასრული იქნება თურქეთის გარეშე. თურქეთის არმია დღეს ნატო-ში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ეფექტური არმიაა“, – აცხადებს პრეზიდენტი.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაში საუკეთესო არჩევანია თურქეთის ევროპაში ინტეგრაციისთვის იდეოლოგიური ბარიერების მოხსნა და ამით ევროპის პოზიციების გაძლიერება.

„ჩვენ სრული ნდობა გვაქვს ჩვენი არმიის მიმართ. მისი წყალობით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ მოლაპარაკებებში შედის, არამედ ადგილზეც აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ თურქეთის გარეშე ევროპას არ შეუძლია ძლიერი უსაფრთხოების სისტემის შექმნა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები