წვიმა, თოვლი, ნალექი – 19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი
“19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაბლობსა და ბარში წვიმა იქნება, ზამთრის კურორტებზე – თოვლი, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი.
“პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.
გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:
• ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
• უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
• მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს
• ყურადღება მიაქციეთ ღუმელებისა და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.
ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს”, – წერს მეტეოროლოგი.