“ჩვენ კი არ ვილანძღებით, ილანძღებიან ისინი, ვინც საქართველოზე დაუსაბუთებელ შეტევას ახორციელებენ; ჩვენ კი ამ დაუსაბუთებელ შემოტევებს ვიგერიებთ” – ქადაგიშვილი
“ჩვენ კი არ ვილანძღებით, ილანძღებიან ისინი, ვინც საქართველოზე დაუსაბუთებელ შეტევას ახორციელებენ. ჩვენ კი ამ დაუსაბუთებელ შემოტევებს ვიგერიებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ის კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება.
ამავე დოკუმენტში საუბარია, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც.
„თვეების განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, სადაც ჩართულები არიან, ამერიკა, რუსეთი და უკრაინა, მოლაპარაკების მაგიდასთან არ არის ევროკავშირი, ახლა ევროკავშირის სურვილია, რომ ამ მაგიდასთან თავადაც იყოს წარმოდგენილი, არ ვიცი, ევროკავშირი ამ მაგიდასთან რამდენად დაჯდება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას, ანუ, დეოკუპაციას, თუ ევროპის მხრიდან ეს საკითხი საქმიანად იქნება წამოჭრილი, ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ევროკავშირის მასშტაბით ჯერ იმის აღიარებაც კი გვიჭირს, რომ რუსეთის 2008 წლის ქმედებისთვის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია დაერქმიათ. ამის ოფიციალურ დოკუმენტებში ასახვას ძალიან ერიდებოდნენ. ამიტომ, ზუსტად არ ვიცი, ეს რა კონტექსტშია, მაგრამ თუ სადმე რამე იქნება რეალურად ამ მიმართულებით გაკეთებული და არა ესკალაციისთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ კი არ ვილანძღებით, ილანძღებიან ისინი, ვინც საქართველოზე დაუსაბუთებელ შეტევას ახორციელებენ. ჩვენ კი, ამ დაუსაბუთებელ შემოტევებს ვიგერიებთ. მეტი როგორ გითხრას იმ სახელმწიფომ, რომელიც მთელ მსოფლიოში და კონკრეტულად, საქართველოში აფინანსებდა გადატრიალებებს?“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.