“ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ბლოკავს” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
“ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმებაზე ნებისმიერ წინადადებას ბლოკავს”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიებზე “ქართულმა დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა დღის წესრიგში მყოფი ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში”.
ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ დოკუმენტის კოორდინაციისა და შემდგომი ხელმოწერის აუცილებლობა არის დღის წესრიგის მთავარი საკითხი “მედვედევ-სარკოზის შეთანხმების” მე-6 პუნქტში ასახული პრინციპების შესაბამისად.
რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ადგილებზე უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნეს, რომ რეგიონში ვითარება შედარებით მშვიდი და სტაბილურია, ასევე, ფოკუსში იყო ჰუმანიტარული საკითხები.
ოკუპირებულმა აფხაზეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ხელახალი გააქტიურების შესახებ.
ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდი 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი.