ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით, ისინი არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც ჩვენთვის მოიაზრებს ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას, დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ციფრებშია გამოხატული ეკონომიკური სტაგნაცია.
„ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება, ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული განცხადებები არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს გეოგრაფიულ კუთვნილებას. შეიძლება, ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, ვგულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ვხედავთ როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების. სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას. დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, არის ეკონომიკური სტაგნაცია, რაც პირდაპირ ციფრებშია გამოხატული. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ 30 პროცენტი იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი და ეს 30 პროცენტი ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. მათემატიკურად იზომება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მათემატიკურად არ იზომება უკუსვლა დემოკრატიული და ადამიანის უფლებების კუთხით, მაგრამ რეალურად ზუსტად ასეთივე მასშტაბის უკუსვლა განიცადა ევროკავშირმა, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ.
„2008 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით არის სტაგნაცია, დეგრადაცია, უკუსვლა და თუ ევროპული ბიუროკრატია კოლექტიური ფიშერები, ჰერჩინსკები და ა.შ. გააგრძელებენ იგივე მიმართულებით სვლას, რა თქმა უნდა, არათუ არ შეჩერდება ეს უკუსვლა და დეგრადაცია, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, ამიტომ ჩვენი მოკრძალებული რჩევაა ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, უფრო მეტად იზრუნონ, თუ აქვთ ამის რესურსი, ევროპის ობიექტურ ინტერესებზე და ევროკავშირის მოსახლეობის ობიექტურ ინტერესებზე. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრობა, სადაც აღდგება ის ტენდენციები, რომლებიც მანამდე ძალიან მკვეთად იყო გამოხატული. ვსაუბრობ დადებით ტენდენციებზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.