ნატოში უკრაინის გაწევრების პოლიტიკურ მოწვევას გერმანია და პირადად კანცლერ ოლაფ შოლცი ბლოკავს. საკითხზე აშშ-ის პოზიცია შედარებით რბილია.
ამის შესახებ RBC-უკრაინას წყარომ განუცხადა, რომელიც ალიანსში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებს არის გაცნობილი.
მისი თქმით, თავდაპირველი ფორმულირება „უკრაინის მოწვევის შესახებ, როდესაც ამის პირობები იქნება“ შეთავაზებული იყო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ და შემდგომ უკრაინულ მხარესთან განიხილებოდა.
ამავდროულად, 9 ივლისს გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა თავიანთი წინადადებები წარადგინეს, რომელიც ნაკლებად მისაღებია უკრაინისთვის. კერძოდ, გერმანია ცდილობდა, სიტყვა „მოწვევა“ მთლიანად გამოერიცხა სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ტექსტიდან. თუმცა, რიგი ქვეყნების ზეწოლის შედეგად, ნატო გარკვეულ დათმობებზე წავიდა.
ბერლინის შეთავაზებით, უნდა შეიქმნას ორეტაპიანი პროცედურა, რომლითაც უკრაინას შეეძლება მოწვევის მიღება: “როდესაც ყველა პირობა დაკმაყოფილდება” და როდესაც მოკავშირე ქვეყნები შეთანხმდებიან, რომ „უკრაინამ შეასრულა ყველა კრიტერიუმი“, რომელიც აუცილებელია წევრობის მისაღებად. ამასთან, ამ „პირობებისა“ და „კრიტერიუმების“ არსი საკმაოდ ბუნდოვანი რჩებოდა.
წყაროს თქმით, მთელი დღის განმავლობაში მოკავშირეები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ გერმანია, წასულიყო დათმობაზე და გარკვეული პროგრესი ნამდვილად არის.
“ზოგადად, დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე გუშინ. მთელი ბრძოლა მხოლოდ რამდენიმე სიტყვის ფორმულირების გარშემო მიდის”, – ამბობს წყარო.
მისი თქმით, დისკუსიების დროს გერმანია ხაზს უსვამს, რომ უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადგმულმა მკვეთრმა ნაბიჯებმა შესაძლოა, „ნატო რუსეთთან მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს“.
როგორც RBC-უკრაინის თანამოსაუბრემ აღნიშნა, საკმაოდ დიდია შანსები, რომ სამიტის საბოლოო კომუნიკე დღეს გაკეთდეს.