ოკუპირებულ აფხაზეთში დატბორილი სასტუმროებიდან რუსი ტურისტები სატვირთო მანქანებით გაიყვანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სასტუმროებიდან ასახლებენ, სტიქიის ზონიდან ის ტურისტები კი, რომლებსაც ღამის ფრენა ჰქონდათ, სოჭში სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს.
ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სერგეი რომაშკინმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ტუროპერატორებმა კლიენტები გაგრის რაიონში მდებარე ოთხი სასტუმროდან გადაიყვანეს.
“ღამით სოჭის აეროპორტებში ხდებოდა ტრანსფერი. გაგვყავდა სატვირთო მანქანებით, რადგან გზის ზოგიერთი მონაკვეთი პატარა მანქანებისთვის გაუვალი იყო. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აეროპორტში არცერთ ტურისტს არ დააგვიანდა”, – დასძინა მან. .
ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს ყველა მოგზაური, რომელიც ახლა იწყებს დასვენებას, უსაფრთხოდ მიაღწევს სასტუმროებს. „ჩვენ არ წავიყვანთ ადამიანებს ისეთ ადგილებში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.