ძლიერი წვიმის შედეგად, ოჩამჩირის რაიონში ხიდებია წაღებული
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გზები გადაუღებელი წვიმის შედეგად ძლიერად დაზიანდა. დანგრეულია ხიდები.
ამის შესახებ რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, არტემონ გაბელაიამ განაცხადა.
მისი თქმით, წვიმებმა დააზარალა სოფლები ჭლოუ, მერკულა, მოქვა, ლაშქენდარი.
“სოფელ ჭლოუში ორი ხიდის აღდგენაა საჭირო, არის ადგილები სადაც მეწყერი ჩამოწვა. სოფელ აკვასკაში, ერთ-ერთი მცხოვრების სახლი მეწყერის ჩამოწოლის გამო დაზიანდა, კედლები დაბზარულია“, – განაცხადა მან.
ქალაქ ოჩამჩირესა და სოფლებში დაიტბორა ათობით კერძო სახლი.
მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.