„ჩემი შეფასებით, ლარის კურსი ახლა ოპტიმალურ მაჩვენებელზეა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლარმა გარკვეული დაკორექტირება განიცადოს. შეიძლება, 2, 5- სკენაც წამოვიდეს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ განმარტა, რატომ გაუფასურდა ლარი ბოლო პერიოდში.
„მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან, კერძოდ, ზაფხულიდან ლარს შეუქცევადი გამყარების ტენდენცია ჰქონდა, როცა 3, 40-დან ლარმა ეტაპობრივად გამყარება დაიწყო და ბოლოს, გამყარებულ ტრენდზე კურსი 2, 4 იყო.
ლარმა გარკვეული ცვლილება განიცადა: 2, 4 -დან 2, 6-ზე ავიდა. ეს თურქეთში არჩევნებს დაემთხვა. როცა საუბრობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – შეზღუდული კონვერტაციის ვალუტებს, როგორიც ლარია, განსხვავებით გლობალური ვალუტებისგან, ევროსგან, დოლარისგან, ასეთი გადასვლები ახასიათებს ხოლმე, ამას რყევას არ დავარქმევ, წონასწორობის წერტილების ცვლილებას ვუწოდებ. თურქეთის არჩევნების პერიოდში ლარი 2,4 -დან 2,6-ზე ავიდა, რაც 2 ფაქტორით იყო განპირობებული. ერთი იყო ნეგატიური მოლოდინები, რომ თურქეთში შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულიყო, რაც ლირაზე და შესაბამისად ლარზე გავლენას მოახდენდა. თურქეთი არის რა ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, აღნიშნული ლარზეც მოახდენდა გავლენას. როცა ასეთი მოლოდინებია, ბიზნესსუბიექტები წინასწარ თადარიგს იჭერენ ხოლმე და ე.წ. კონტრაქტების დაზღვევას ახდენენ, უცხოურ ვალუტას წინასწარ ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა იმ მომენტში. ვნახეთ, ამ მოლოდინმა რა შედეგი მოიტანა. იმ მომენტში ჩვენთან არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები შეცვლილი არ იყო. საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. პირველ კვარტალში 7. 3 %, რაც დაკორექტირდა და შემდგომში 7. 7 % გახდა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. გაზრდილი იყო ექსპორტი, პირველი 5 თვის მონაცემებით რომ ავიღოთ 19, 5-ითაა გაზრდილი, საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც კურსზე ახდენს გავლენას. მეორე იყო ინტერვენციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე განახორციელა.
ერთი თვეა, ვხედავთ, რომ ლარის კურსი სტაბილურია. დღეს წონასწორობის წერტილი 2, 6-ია. თუმცა, ზაფხულის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, რაც ზეგავლენას ახდენს კურსზე, ვგულისხმობ ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩემი შეფასებით, ლარის კურსი ახლა ოპტიმალურ მაჩვენებელზეა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლარმა გარკვეული დაკორექტირება განიცადოს. შეიძლება, 2, 5- სკენაც წამოვიდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, გაცვლითი სტაბილური სავალუტო კურსი არის რა ბიზნესსუბიექტების მხრიდან პოზიტიური მოლოდინების მაჩვენებელი, სავალუტო რისკსაც ამცირებს და სამომხმარებლო ფასებზე დადებითად აისახება.
„ეკონომიკის ტენდენცია პირველ 5 თვეში შემდეგს აჩვენებს: ჩვენ 7, 5 %-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს , ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და გვაქვს დაბალი ინფლაცია. რომ ავიღოთ ივნისი და შევადაროთ წინა წელს, 1 %-ზე ნაკლებია, 0, 6 %-ია. ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. რამ გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის დაწევა – ერთია საგარეო ფაქტორი, საწვავზე ფასებია დაწეული, რაც ინფლაციაზე ზემოქმედებს და ინფლაციის იმპორტი ხდება, მეორე – საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ფასებზე კლებაა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან ჩვენთან ინფლაციაზე გავლენა მოახდინა. ეს ფაქტორები ხომ სხვა ქვეყნებზეც მოქმედებდა, იქ მაღალი ინფლაციაა. მეორე ფაქტორია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც პოზიტიურად უნდა შევაფასო. ასევე, კიდევ ერთი ფაქტორი სამთავრობო პოლიტიკაა, რომელმაც ბაზარზე ფაქტობრივად, ხელოვნური ჩარევა განახორციელა. ვგულისხმობ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, როცა უწყების მიერ საწვავზე ფასების მოკვლევა მოხდა, გახსოვთ, იმ პერიოდში საწვავზე ფასებმა 30-40-50 თეთრით დაიწია. ასევეა რეფერენტული რეფორმა წამლებზე. ამ რეფორმის შედეგად ბევრ მედიკამენტზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია. ეს ეკონომიკურ პოლიტიკის ეფექტად უნდა შევაფასოთ.
ჩვენ მეორე პოზიტიური ტრენდი გვაქვს, ესაა ეკონომიკური ზრდა. პირველი 5 თვის მაჩვენებსლია 7, 5 % . რაც მნიშვნელოვანია, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია. ამის შედეგად გვაქვს ის კურსი, რაც დღესაა.
გაცვლითი სტაბილური სავალუტო კურსი არის რა ბიზნესსუბიექტების მხრიდან პოზიტიური მოლოდინების მაჩვენებელი, სავალუტო რისკსაც ამცირებს და სამომხმარებლო ფასებზე დადებითად აისახება მათი შემცირების მიმართულებით, პირველ ყოვლისა, იმპორტულ საქონელზე. დაბალი ინფლაციის ერთ ერთი ფაქტორი ესეც არის”, – განაცხადა ცუცქირიძემ.