ბიძინა გიორგობიანი ოპოზიციაზე: უკვე მარგინალები არიან
“ისინი უკვე მარგინალები არიან. როდესაც ასეთ საქციელს სჩადიან, როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
კითხვაზე, როგორ გაგრძელდება პროცესები, შევა თუ არა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ ეს ძნელი სათქმელია.
„ეს გამომდინარეობს იქიდან, რა შეკვეთას მისცემენ მათ თავიანთი დამკვეთები. ბრიუსელიდან და ჯერ კიდევ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციიდან იღებენ ისინი მითითებებს და ფაქტობრივად, სწორედ ამ მითითებებით არ მონაწილეობდნენ. ელოდნენ, არჩევნების ჩატარებას და შემდეგი ქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მათ რომ ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, შესაძლოა, უფრო მეტი პროცენტი აეღოთ, ვიდრე დღეს აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს. თავად ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამიტომ ჩვენი განსჯით, ისინი შევლენ თუ არ შევლენ, აბა მეტი რა გზა აქვთ?!“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
კითხვაზე, რომ არ შევიდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, მოხდება თუ არა მათი მარგინალიზაცია, გიორგობიანმა დასძინა, რომ „ისინი უკვე მარგინალები არიან“.
„როდესაც ასეთ საქციელს სჩადიან, როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა“, – დასძინა გიორგობიანმა.