დიმიტრი ხუნდაძე – ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კვალიფიკაცია დაზუსტდება გამოძიებით; სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი
“საზოგადოება და, მათ შორის, ჩვენც ცუდი ფაქტის მხილველი გავხდით, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, პრაქტიკულად თავს დაესხნენ”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ეს არ იყო მხოლოდ ამ კვალიფიკაციის დანაშაული, რამეთუ ეს არ არის პირველი, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს აბულინგებენ, თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ. ვფიქრობ, ეს არის სახელმწიფოს დემორალიზების მცდელობა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა.
დღეს იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ამდაგვარი თავდასხმა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებები ერთია, რაც დღეს მრავლად გაკეთდა როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კვალიფიკაცია დაზუსტდება გამოძიებით და სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი.
ასეთი ფაქტების მხილველები ჩვენ ძალიან ხშირად ვართ, საზოგადოებაც უყურებს და ამას უნდა ჰქონდეს დასასრული. „ქართულ ოცნებას“, მმართველ გუნდს უკვე მერამდენედ საზოგადოებამ გამოუცხადა თანადგომა. სრული ლეგიტიმაცია მისცა და საზოგადოებამ მმართველ გუნდს ძირითადად დაუჭირა მხარი, რომ ქვეყანაში იყო მშვიდობა და იყოს სიმშვიდე. ეს დავალება ლეგიტიმაციასთან ერთად ხელისუფლებას საზოგადოებისგან მიცემული აქვს, ამ დავალებას სჭირდება შესრულება და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დღეა ცესკოში სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.