“განცხადებები “მეორე ფრონტის“ გახსნაზე თვითმკვლელობის ტოლფასია” – ცხინვალში ოპოზიციას და კობახიძეს გამოეხმაურნენ

ქართული ოპოზიციის მოწოდებები ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ხელში ჩაგდების შესახებ, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე თვითმკვლელობის ტოლფასია.

ამის შესახებ “გაზეტა რუ”-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ე.წ. უწყებაში აღნიშნეს, რომ “ამ რესპუბლიკებზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად ჩაითვლება”.

25 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი აჯანყების კვალობაზე საზოგადოებამ “ამჩატებული ოპოზიცია” იხილა.

„გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. ეს არის რეალურად ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირ შეგვიძლია, ამოვიღოთ ფეისბუკპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. მთელი რიგი განცხადებები იყო, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ინახავდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, „არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფება”.

“როგორც შიდა რადიკალური ოპოზიციის, ისე გარედან, „საქართველოს მეგობრების“ მხრიდან, ანტირუსულ კოალიციაში გაწევრიანების მოთხოვნებთან დაკავშირებით, სანქციების დაწესების ჩათვლით და თუნდაც, გარკვეულ პირობებში, “მეორე ფრონტის” გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, „მეორე ფრონტი“ ნიშნავს სამხედრო ოპერაციებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით, რომელთა უსაფრთხოებას, შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებებით, უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალები და რომ ამ გზით რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო რესურსის გაწვევა მოხდეს უკრაინის მიმართულებიდან. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე თავდასხმა და ჩვენი ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე“, – განაცხადეს ე.წ. უწყებაში.

მათივე თქმით, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდების შესახებ მოწოდებები „ვაგნერის ჯგუფთან” დაკავშირებულ ვითარებამდეც ისმოდა“.

„ქართულ ოპოზიციას აშკარად აწუხებს სამხედრო მარცხის სირცხვილი, რომელიც საქართველომ 2008 წელს განიცადა, როდესაც იმავე რადიკალების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა აქამდე ახერხებდა გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებას და არ იზიარებდა ასეთ თვითმკვლელ მოწოდებებს​, რომლებიც, სხვათა შორის, პირველად არ ისმის და არა მხოლოდ “ვაგნერის” ჯგუფთან არსებულ ვითარებას არის დაკავშირებული. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მეზობელ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ვაფასებთ შესაძლო რისკებსა და საფრთხეებს, ჩვენს რუს და აფხაზ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტში“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები