„მასთან სათანადო საუბარი გვექნება“ – უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ელჩს დღეს დილით გამოიძახებენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოს ხელისუფლების ქმედება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მწვავედ გააკრიტიკა.
როგორც მან უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს ელჩს დღეს დილით გამოიძახებენ, და „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.
„მან უნდა გაიაროს კონსულტაცია თავის მთავრობასთან. რეალურად, სად მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ მათ გადასარჩენად“, – აღნიშნა კულებამ.