ComCom-ის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2022 წელს მედიაწიგნიერებაში 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 მოსწავლე გადამზადდა

პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, კახა ბექაურმა, პარლამენტს კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, კომისიამ 2022 წელს მედიაწიგნიერებაში 5722 მოსწავლე, 500 სტუდენტი და 900 პედაგოგი გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ComCom-ის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, EPRA-ს საბჭოს წევრებმა ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებში პირველად აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე, მედია აკადემიაში სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში, ასევე, ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი, რომელზეც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, ComCom-ის მიერ, ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი “მედიის გასაღებია”. “ეს არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფილმების პოზიტიურ შინაარსზე და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. 2022 წელს, “მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 100 მედიაპროდუქტის, მათ შორის, 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ განთავსდა ინფორმაცია” – აღნიშნა თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ფილმები სპეციალური ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თან ახლავს ინდივიდუალური აღწერა, კითხვები დისკუსიისთვის და ინფორმაცია, თუ რა დადებით შინაარსზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმისთვის, რომ მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ. “ “მედიის გასაღების” ვებ-გვერდს, 2022 წლის განმავლობაში 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა” – განაცხადა კახა ბექაურმა.

თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი მხარე ჩაერთოს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა – www.mediatsigniereba.ge, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა თუ უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. „ონლაინ პლატფორმა, მომხმარებლებს, მათ შორის, მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს“, – განაცხადა კახა ბექაურმა და აღნიშნა, რომ პლატფორმას, 2022 წელს 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კახა ბექაურმა პარლამენტში მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. “პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის” – აღნიშნა მან და განმარტა, რომ პროექტი მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, ComCom-ის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს, ჩამოთვლილი მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, სულ 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 სკოლის მოსწავლე გადამზადდა, რომელთაც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები განუვითარდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები