ლევან მეხუზლა: „რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, ვფიქრობ დიდი ხანია არ გვქონია“
„კრიტიკისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი, მაგრამ ზოგჯერ გვესმის ისეთი გაუგონარი განცხადებებიც, რომ „სისტემა არის მორღვეული“. რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, ვფიქრობ დიდი ხანია არ გვქონია,“ – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის მიმდინარეობის შეჯამებისას განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რამდენიმე დღის აღნიშნა, რომ „დარგში სერიოზული პრობლემებია. წლევანდელმა რთველმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სისტემა გვაქვს მორღვეული“.
ლევან მეხუზლას განცხადებით, უკვე იგეგმება 2026 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების კიდევ უფრო სრულყოფის ღონისძიებები.
„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშობს ესპანეთში“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის რთველის გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო სწორედ კლიმატური პირობებით.
„ეს იყო მოცემულობა და არა „ამინდზე გადაბრალება“. უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას. ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობი და სიმძლავრეები“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა.