ნათია მოდებაძემ მოსახლეობას 2024-2025 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა
თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ მოსახლეობას მისი, როგორც პროპორციული წესით არჩეული წევრის, მუშაობის ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდი 01.12 2024-01.11.2025 პერიოდს მოიცავს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, წარდგენისას საუბარი შეეხო საანგარიშო პერიოდში საკრებულოს კომისიებში დასწრებისა და განხილული საკითხების სტატისტიკას, ასევე მისი ჩართულობით გამართულ სხდომებსა და განხილულ საკითხებს.
ანგარიშის მიხედვით, დეპუტატი ჩართულია სამი კომისიის მუშაობაში, ესენია: განათლებისა და კულტურის კომისია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომისია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ასევე ის არის ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, საკრებულოში მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოსა და სხვა საბჭოების წევრი.
საანგარიშო პერიოდში, დეპუტატის მონაწილეობით ჩატარებულია საკრებულოს 16 სხდომა, რომლებზეც 103 დადგენილება და 742 განკარგულება იქნა მიღებული.
ნათია მოდებაძემ განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში მისი ინიციატივით დაიწყო ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩაზე, არსებული სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს თვეებში დასრულდება.
ანგარიშის წარდგენისას დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ წევრად მუშაობის პროცესსა და პასუხისმგებლობაზე. თქვა, რომ დღემდე გამართული კომისიის 82 სხდომიდან დაესწრო 68 სხდომას, მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტი საკითხის განხილვაში და განხილვისას მოუსმინა 2400-მდე მოქალაქეს.
ნათია მოდებაძემ პრეზენტაციის დიდი ნაწილი „ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების“ კომისიაში მისი ჩართულობით მხარდაჭერილი საკითხების განხილვას დაუთმო. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით წლიურ ბიუჯეტს და თქვა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის 99%-ის ათვისება მოხდა, რაც ნათლად მეტყველებს განხილული და დაფინანსებული საკითხების აქტუალურობაზე.
მისი თქმით, აღნიშნულმა კომისიამ საანგარიშო პერიოდში ორგანიზება გაუწია 13 სხდომის ჩატარებას და დეპუტატის ჩართულობით ჩატარდა კომისიის ცამეტივე სხდომა.
ნათია მოდებაძემ საანგარიშო პერიოდში განხილული და ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ჩამონათვალში გამოყო ახალი პროგრამები, როგორებიცაა:
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ბიოლოგიური პრეპარატების დაფინანსების ქვეპროგრამა“, რომლითაც სოციალურად დაუცველი პირებისთვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150-ს) უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი, დაფინანსება, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას.
აგრეთვე „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამა. მოქმედი რედაქციის მიხედვით, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ფულადი დახმარება განსაზღვრულ იყო 1000 (ათასი) ლარის ოდენობა, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით.
და მესამე, ახალი სოციალური ქვეპროგრამა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, რომლის მიღების მიზანია პერსონალური ასისტენტის საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელსაყრელი პროექტების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ნათია მოდებაძემ აღნიშნა ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა გასულ წლებში მიღებული პროგრამების ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული ცვლილებები და მართვა, როგორებიცაა: „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი; „დაავადებათა სკრინინგების“ პროგრამა; ,,გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამა; „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება“; „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“; „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა; ,,გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსება“; ,,ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამა; ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება“, მათ შორის მულტისისტემური ინტერვენცია 5-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, და ასევე აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა 18 წლის ასაკის ზემოთ მოზრდილებში, რომელიც მოიცავს მსხვილ და მნიშვნელოვან სხვადასხვა კომპონენტს.
საკრებულოს წევრმა ინფორმაცია წარადგინა განათლებისა და კულტურის კომისიაში მისი საქმიანობის შესახებაც და აღნიშნა, რომ განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული იქნა 13 სხდომა. მან თქვა, რომ დაესწრო ყველა სხდომას და განიხილა 23 საკითხი.
საკრებულოს წევრმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სრული სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და შეეხო ისეთ თემებსაც, როგორებიცაა 2025 წლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტებისა და აქტივობების სტატისტიკა.
ნათია მოდებაძის თქმით, საანგარიშო პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან სწავლა დაუფინანსდა სოციალურად დაუცველ 1403 სტუდენტს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ 675 სტუდენტს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 46 სტუდენტს; 410-მა წარმატებულმა მაგისტრანტმა კი მიიღო მერიის სტიპენდია.
ანგარიშში ასევე საუბარია დაფინანსებული პროექტებისა და სხვა ღონისძიების რაოდენობებზე. ანგარიშის მიხედვით, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში 250-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის 60-მდე ფესტივალი და კონკურსი, 50 საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო, 70-მდე საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება, 140 საგამომცემლო, 60 აუდიოვიზუალური და ვიზუალური ხელოვნების, 50 დიზაინის და რეწვის მიმართულების, 50 მედია-ხელოვნების, 120 „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ პროექტი.
„პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 ორგანიზაცია და 80-მდე სპეციალობა.
ანგარიშის თანახმად, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტით გაგრძელდა თბილისის რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება და ყველა ის პროგრამა და ქვეპროგრამა, რომლებსაც გასულ წლებში მხარი დაუჭირა საკრებულომ.
ანგარიშის წარდგენას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ნათია მოდებაძის თქმით, საანგარიშო პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან სწავლა დაუფინანსდა სოციალურად დაუცველ 1403 სტუდენტს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ 675 სტუდენტს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 46 სტუდენტს; 410-მა წარმატებულმა მაგისტრანტმა კი მიიღო მერიის სტიპენდია.