ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილებაზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გააცნო.
მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო სისტემაში მოქცევას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. მისი თქმით, კანონპროექტით სანებართვო საქმიანობის სახეები განისაზღვრება შემდეგი სახით: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრას, ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციას და ახალი საერთაშორისო დონის მშენებლობის სტიმულირებას.
ასევე ხელი შეეწყობა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.