დავით ქართველიშვილი – რუსეთში მოქმედი Raiffeisenbank-ის გადაწყვეტილებაზე: როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენ წინააღმდეგ მოქმედებს – მიმართავ „ვირეშმაკობას”

„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ავსტრიის Raiffeisen ბანკი რუსეთში, საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ევროს გადარიცხვებს აჩერებს” და აღნიშნა, რომ „როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენ წინააღმდეგ მოქმედებს – მიმართავ “ვირეშმაკობას”. როგორც ქართველიშვილი წერს, მხოლოდ ორი სიტყვის გადანაცვლებით, ტრანსფორმირებული „ჰედლაინი” იძენს „პოლიტიკურად” საჭირო ჟღერადობას – „ავსტრიის ბანკი რუსეთში შეზღუდვებს უწესებს საქართველოს გადარიცხვებში”, რითაც ქმნის „ფეიკ” აღქმას, რომ ევროპამ გარკვეული ტიპის სანქციები დაუწესა ჩვენს ქვეყანას.

„როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენს წინააღმდეგ მოქმედებს, მიმართავ „ვირეშმაკობას”. ამისთვის სულ რომ არ იყოს მოწყობილი შენი დაბალი IQ , არ შეშინდე – „ვირეშმაკობაში” დიდოსტატები მოვლენ შენს დასახმარებლად. თუნდაც ამ „ვირეშმაკობაში” „ფილოლოგიური” ბრძოლის ელემენტების ჩართვით. მაგალითად, USAID-ის ეგიდით გახსნილი მედია-სკოლები რეგიონებში ატარებენ ტრენინგებს თემაზე: „რუსული სახელისუფლებო დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები”. როდესაც ეკითხები: „სახელწოდებაში შეცდომა ხომ არაა? იქნებ – „რუსეთის ხელისუფლების?” – „არა”, – ცბიერად გაჩერებენ, – „რუსული სახელისუფლებო”. და შენთვის უკვე გასაგები ხდება, რაზეა (თუ ვისზეა) ეს „ფილოლოგიური” მინიშნება გაკეთებული, რუსული „კანონის და ოცნების” შემდეგ.
„მთავარი არხიც” თავისი დამრიგებლების კარგი მოწაფე გამოდგა. მაგალითად, როდესაც „ნიუსის” დედანი წერს, რომ რუსეთში მოქმედი ავსტრიის ერთ-ერთი ბანკის ფილიალი პრობლემებს უქმნის საქართველოს გადარიცხვებში, ეს „ისე რა” სენსაცია გამოდის. გამოდის, რომ საქართველოს „რუსულ ოცნებას” რუსეთივე უქმნის პრობლემებს, რაც პოლიტიკურად წამგებიანი თემაა. ამიტომ, საქმეში შემოდის ვირეშმაკობა: მხოლოდ ორი სიტყვის გადანაცვლებით, ტრანსფორმირებული „ჰედლაინი” იძენს „პოლიტიკურად” საჭირო ჟღერადობას – „ავსტრიის ბანკი რუსეთში შეზღუდვებს უწესებს საქართველოს გადარიცხვებში”, რითაც ქმნის „ფეიკ” აღქმას, რომ ევროპამ გარკვეული ტიპის სანქციები დაუწესა ჩვენს ქვეყანას. რამდენჯერაც არ მიმართავთ ამა თუ იმ „ვირეშმაკობის” ილეთს, იმდენჯერ არ უნდა დაგვეზაროს აღიარება: იაფფასიანი შულერები, ჯამბაზები და იდიოტები ხართ. „მომაკვდავი მიშა” მომიკითხეთ და მისი „მკურნალი” ჯალათების კონსილიუმები”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები