ნანა კაკაბაძე: ინდივიდზე მორგებული კანონის მიღების მოთხოვნა არის ფაშისტურ- ბოლშევიკური მიდრეკილებების გამოვლინება, რასაც ჩვენი მხრიდან გაზიარება და კანონად ქცევა კი არა, არამედ ასეთი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება

„ევრორეკომენდატორები რეკომენდაციების მიცემის დროს უნდა ამოდიოდნენ ხალხის ინტერესებიდან, ვინაიდან ხალხია უმრავლესობა და არა ოპოზიციურ- პოლიტიკური ჯგუფები. ხალხის ინტერესები არის უმრავლესობის ინტერესები, ხოლო ოპოპარტიების მცირე ჯგუფებს, გააჩნიათ მერკანტილური, ხშირად კი მაფიოზური ინტერესები“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნაწილობრივ შესრულებულ ერთ-ერთ რეკომენდაციად ჩვენი შემფასებლები მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილებების მიღებაში. სამოქალაქო საზოგადოებად კი ისინი მხოლოდ მათ მიერ დაფინანსებულ და მათი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს მიიჩნევენ.

მისივე თქმით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყბადაღებული რეკომენდაციები არ უნდა გავაფეტიშოთ, ცხოვრების მიზნად და მთავარ ამოცანად არ უნდა დავსახოთ, ისინი უნდა ვაქციოთ საშუალებად ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

„უსამართლო (თუ არაობიექტური?) რეკომენდატორები
ბოლო ინფორმაციით, ჩვენი ევროპელი რეკომენდატორების წინასწარი შეფასებით, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან 3 შეასრულა სრულად, დანარჩენი 8 ნაწილობრივ, ხოლო ერთი საერთოდ არ შეუსრულებიათ.
უკრაინამ 7-დან 2 რეკომენდაცია შეასრულა სრულად, ხოლო მოლდოვამ – 9-დან 3.
ძნელია, რაიმე ლოგიკა მოძებნო ასეთ შეფასებებში.
ყველა სხვას რომ თავი დავანებოთ, ერთი ისეთი რეკომენდაცია მიიჩნიეს ჩვენმა ევროპელმა მენტორებმა საერთოდ შეუსრულებლად, რომლის თავგასულობაც, გადამლაშებულად შესრულებაც ყველაზე ხშირად და მასშტაბურად ხვდება თვალში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ თურმე დღევანდელ საქართველოში არ არსებობს მედიის თავისუფლება. ის, რომ მედიის (ტელევიზიის, რადიოს თუ სოციალური მედიის) 80% არათუ ოპოზიციური ან ანტისახელმწიფოებრივი, არამედ, უბრალოდ, უხამსი და უკიდეგანო ლანძღვა-გინების ასპარეზია, ეს თურმე არ არის საკმარისი მედიის თავისუფლების დასანახად. ალბათ, მათი აზრით, ტელევიზიებიდან პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილების და ავტომატების სროლა უნდა იყოს ატეხილი, რომ ეს ჩაგვითვალონ მედიის თავისუფლებად.
აუჩემებიათ, ყველა ოპოზიციური არხის მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებულიო.
სად იყო ჯერ კიდევ კეზერაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის თუ ჭუტას „მედია-მაგნატობა“, როცა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დაწყებული. ისინი, სწორედ მას შემდეგ გახდნენ მედია-მფლობელები, რაც საგამოძიებო ორგანოებმა, მათი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და ეს სტატუსი არც მეტი არც ნაკლები ბრალდებულებს ფარად დასჭირდათ.
ისიც ცნობილია, რომ ევროპული სტრუქტურების და ვენეციის კომისიის პოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონზე განსხვავებულია, ერთი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, მეორე – სისტემურიო.
კანონის ინდივიდუალიზაცია, ანუ პიროვნებაზე მორგება ეწინააღმდეგება კანონის არსს, კანონი უნდა აწესრიგებდეს სისტემურ პრობლემას და ინდივიდუალურ დამნაშავეს სწორედ სისტემური კანონის შინაარსიდან ავლენდეს.
ინდივიდზე მორგებული კანონის მიღების მოთხოვნა, არის ფაშისტურ- ბოლშევიკური მიდრეკილებების გამოვლინება, რასაც ჩვენი მხრიდან გაზიარება და კანონად ქცევა კი არა, არამედ ასეთი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და დემოკრატია.
ევრორეკომენდატორები რეკომენდაციების მიცემის დროს უნდა ამოდიოდნენ ხალხის ინტერესებიდან, ვინაიდან ხალხია უმრავლესობა და არა ოპოზიციურ- პოლიტიკური ჯგუფები. ხალხის ინტერესები არის უმრავლესობის ინტერესები, ხოლო ოპოპარტიების მცირე ჯგუფებს, გააჩნიათ მერკანტილური, ხშირად კი მაფიოზური ინტერესები.
ნაწილობრივ შესრულებულ ერთ-ერთ რეკომენდაციად ჩვენი შემფასებლები მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილებების მიღებაში. სამოქალაქო საზოგადოებად კი ისინი მხოლოდ მათ მიერ დაფინანსებულ და მათი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს მიიჩნევენ.
აშშ-ს ხელისუფლება, საერთოდ არ აკარებს გადაწყვეტილებების მიღების საქმეში არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. სხვა ქვეყანამ ან აშშ-ში განთავსებულმა რომელიმე საელჩომ მათ რომ მიუთითოს, გადაწყვეტილებებს მხოლოდ თეთრი სახლი, კონგრესი, სენატი ან პენტაგონი არ უნდა იღებდეს და პროცესში თქვენს ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩართეთო, რა რეაქცია ექნება აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებს? ალბათ გულმოწყალედ გაიღიმებენ, გულში კი გაიფიქრებენ, ბოდიში, თქვენ კარგად თუ ხართო?
გასაოცარია აშშ, ჩვენ იმის მიღებას გვაიძულებენ, (არასამთავრობოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში), რასაც თვითონ მიუღებლად მიიჩნევენ და იმ კანონის მიღებას გვიკრძალავენ (არასამთავრობოების გამჭვირვალობა) რაც მათთან წარმატებით მუშაობს (FARA).
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყბადაღებული რეკომენდაციები არ უნდა გავაფეტიშოთ, ცხოვრების მიზნად და მთავარ ამოცანად არ უნდა დავსახოთ, ისინი უნდა ვაქციოთ საშუალებად ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები