მარინა მიზანდარმა გურამ ოდიშარია გააკრიტიკა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა მარინე მიზანდარმა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტზე კულტურის სამინისტროსა და მინისტრის პოზიცია გააკრიტიკა. აღნიშნული კანონპროექტი ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნის საკითხს ეხებოდა. მიზანდარმა განაცხადა, რომ კანონპროექტის საფუძველზე მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხის დაყენების უფლება ნებისმიერ უწყებას ენიჭებოდა.
“სამინისტრო ბოლო პერიოდში სათანადოდ ვერ იცავდა თავის პოზიციას. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრო უფრო თავდაცვის პოზიციაში აღმოჩნდა. არამცთუ თავდაცვის პოზიციაში არ უნდა დარჩენილიყო, არამედ პირიქით, ზოგჯერ თავდასხმის პოზიციაშიც უნდა ყოფილიყო, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები იყო სასწორზე”, – განაცხადა მიზანდარმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ სამინისტროს ახალი კადრები შეემატა, “რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა”. რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, მარინე მიზანდარმა აღნიშნა, რომ თუ ის დარჩება მინისტრის თანამდებობაზე, მას წარმატებას უსურვებს. თუმცა იქვე დაამატა: “მაგრამ ასეთი მიდგომით, მართვით და პრინციპული საკითხებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, მას დიდი მომავალი არ უწერია”.