დავით კეზერაშვილს შესაძლოა, მონაკოში 7 600 000 დოლარი დაუყადაღონ

   მონაკოს ერთ-ერთ ბანკში დავით კეზერაშვილის სახელზე 7 600 000 დოლარი აღმოაჩინეს, რომელსაც დაყადაღება ემუქრება. პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა დააყენა. კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე კონტრაბანდული სპირტის საქმის განხილვისას პროკურორმა განაცხადა, რომ მონაკოს ერთ-ერთ ბანკში ახლახანს აღმოაჩინეს კეზერაშვილის მიერ შეტანილი თანხა. ბრალდების მხარეს ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული 7 600 000 დოლარი კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმესთან არის დაკავშირებული. კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ამტკიცებს, რომ მონაკოს ბანკში განთავსებულ თანხას ბრალდების პერიოდთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში შეტანილია 2012 წელს. საქალაქო სასამართლო თანხის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესზე, 24 თებერვლისთვის მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები