POLITICO: დასავლეთი არ არის მზად, უკრაინას მისცეს უსაფრთხოების დაპირებები, რომელიც მას სურს

უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიებს გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად, თუმცა მოკავშირეები უბრალოდ ჯერ არ არიან მზად ამის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიაში ნათქვამია, რომ ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, აღნიშნულ თემაზე მრავალთვიანი საუბრის მიუხედავად, დასავლეთი კვლავ დაყოფილია თითქმის ყველა ელემენტზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კიევის ამ მოთხოვნას.

„უნდა აწარმოოს თუ არა ეს საუბარი ნატომ? თუ მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო ძალებმა უნდა უზრუნველყონ ინდივიდუალური გარანტიები? ღირებულია თუ არა რაიმე გარანტია, ნატოში გაწევრიანების გარდა? ჩინოვნიკებს აინტერესებთ, რა არის „უსაფრთხოების გარანტია“? ყველა ეს კითხვა ღია რჩება, მაშინაც კი, როცა მოკავშირეებს სულ რაღაც ხუთი კვირა დარჩათ ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეკრებამდე. უკრაინამ სამიტი ერთგვარ ვადად დააწესა და უბიძგებს მოკავშირეებს შეკრებაზე აიღონ მკაფიო ვალდებულებები უკრაინის ნატოში შესვლისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის სახელწოდებაცაა „დასავლეთი არ არის მზად, უკრაინას მისცეს უსაფრთხოების დაპირებები, რომელიც მას სურს“.

„უკრაინა მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ქვეყანაა ნატოსგან „არას“ მოსმენაში. ჩვენ გვჭირდება სიცხადე, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია და არ იქნება რაიმე სახის გარიგება“, – აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა.

გამოცემის ცნობით, უკრაინის მხარდამჭერები უხერხული რეალობის წინაშე დგანან: ბევრს რეალურად არ სურს უკრაინას ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადები მისცეს, თუმცა მათ ასევე არ სურთ უკრაინელები იმედგაცრუებულები ან დაუცველები დატოვონ.

„ზოგჯერ რთულია იმის გაგება, რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა აღმოსავლეთ ევროპიდან მაღალი რანგის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

უკრაინას სურს, რომ ნატოს ლიდერებმა კიევს ომის შემდგომი გაწევრიანების საგზაო რუკა მისცენ და უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ვიდრე უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს კონსენსუსი გარანტიების უზრუნველყოფაზე და არც იმაზე, თუ რა მოჰყვება მათ და რა ფორმატის გამოყენება შეიძლება.

ერთი-ერთი წინადადება ე.წ. კიევის უსაფრთხოების შეთანხმებაა – კონცეფცია, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა შეიმუშავა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად. გეგმა ითვალისწინებს მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის ვალდებულებას, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა მომავალი წლების განმავლობაში, როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო დახმარებით.

გარდა ამისა, დასავლეთის თავდაცვის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და აკადემიკოსებმა ასევე წამოაყენეს იდეა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან თანამშრომლობასა და უკრაინის დახმარებაზე, სწრაფად გააფართოოს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია.

თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ როდესაც პოლიტიკოსები ახლა საუბრობენ „გარანტებზე“, ისინი არსებითად საუბრობენ დაპირებაზე, შეინარჩუნონ იარაღის მიწოდება და არა კონკრეტული დაპირება უკრაინის დასაცავად.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მეტი იარაღის მიწოდების დაპირება არ არის ზუსტად ის, რაც უკრაინას სურს.

„განიხილავს თუ არა რომელიმე ქვეყანა სერიოზულად უკრაინას უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები მისცეს? მხოლოდ [ნატოს წესდების] მე-5 მუხლს აქვს მნიშვნელობა“, – აღნიშნა აღმოსავლეთ ევროპიდან მაღალი რანგის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები